logo
ENG



ილიაუნის რექტორი საბჭოს დასკვნაზე: ეს, რა თქმა უნდა, აჩენს ბევრ ეჭვს

28 სექ 202414:44
3 წუთის საკითხავი
 
2024/09/28/4cenezs218ufylb.jpg

ილიაუნის რექტორი, ნინო დობორჯგინიძე ამბობს, რომ ავტორიზაციის საბჭოს სხდომა დარღვევებით წარიმართა. ფორმულას ეთერში საუბრისას დობორჯგნიძემ აღნიშნა, რომ სამართლებრივ ბრძოლას გააგრძელებენ.

"ეს არის წარმოუდგენელი. გაოგნებულები არიან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, ცნობილი ევროპული უნივერსიტეტების წარმომადგენლები, რომლებიც ჩვენთან ერთად ახორციელებენ საერთაშორისო პროგრამებს. ხარისხის ეროვნული ცენტრი, რომლის პასუხისმგებლობა იყო ამ პროცესების წაყვანა, ის არის მართლაც პასუხისმგებელი იმაზე, რომ პროცესები წაეყვანა ისე, როგორც ამას მოითხოვს წესდება. ყველაფერი დაარღვიეს აბსოლუტურად და მე, სამწუხაროდ, არ შემიძლია დაბეჯითებით არაფრის თქმა, არ მაქვს ოფიციალური გადაწყვეტილება ხელთ. 10 დღე აქვთ იმისათვის, რომ ჩაგვაბარონ სხდომის ოქმი და გადაწყვეტილება და ჩვენ აუცილებლად სამართლებრივი გზით გავაგრძელებთ დავა იმისათვის, რომ დავამტკიცოთ ჩვენი სიმართლე", - აღნიშნა დობორჯგინიძემ.

რექტორი აღნიშნავს, რომ საბჭოს აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისთვის არანაირი საფუძველი არ ჰქონდა და თუ რაიმეს შეცვლას გეგმავდა ექსპერტთა დასკვნიდან, ადგილზევე უნდა განემარტა, რაც არ გააკეთა.

"[ჰქონდა] საუკეთესო დასკვნა უკლებლივ ყველა სტანდარტში და, აი, ამის ფონზე, როცა მან მიიღო პირისპირაა გადაწყვეტილება და, რაც მთავარია, მას ჰქონდა ვალდებულება, თუ რამ შეცვალა ექსპერტების დასკვნიდან, იქვე უნდა განემარტა. მას ეს არ გაუკეთებია. ეს, რა თქმა უნდა, აჩენს ბევრ ეჭვს", - აღნიშნა დობორჯგინიძემ.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ავტორიზაციის საბჭომ ავტორიზაცია 1 წლის შემდეგ მონიტორინგის ვალდებულებით მიანიჭა

ასოცირებულმა პორფესორმა ქეთი ცოტნიაშვილმა ფორმულასთან განმარტა, რომ საბჭოზე განხილვის დროს ექსპერტთა დასკვნაზე კითხვები დაისვა, თუმცა არ გამოვლინდა დამატებითი გარემოება ან დარღვევა, რის საფუძველზეც საბჭოს ექსპერტთა შეფასების შეცვლა შეეძლო.

ქეთი ცოტნიაშვილის თქმით, საბჭოსგან ვერ მიიღეს პასუხი, რას ეფუძნებოდა ეს გადაწყვეტილება და რომელ სტანდარტში ჩამოაკლდა უნივერსიტეტს შეფასებები. აღნიშნავს, რომ კითხვაზე, რის საფუძველზე გაკეთდება მონიტორინგი, საბჭოსგან მიიღეს პასუხი, რომ ყველაფერი იქნება ასახული სხდომის ოქმში, რომელიც 2 კვირის ვადაში გამოქვეყნდება.


close დახურვა