მთავრობამ პარლამენტს 2025 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსია წარუდგინა. ფინანსთა სამინისტროს ცნობით, ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ჯამურად შეადგენს 31,2 მლრდ ლარს, რომლის ფარგლებშიც სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულებები.
უწყება გავრცელებულ განცხადებაში ირწმუნება, რომ მომავალი წლის ბიუჯეტი "დაგეგმილია კონსერვატიული მიდგომით".
სამინისტროს ცნობით, წარდგენილ გათვალისწინებულია შემდეგი მაკროეკონომიკური პარამეტრები:
- რეალური ეკონომიკური ზრდა დაგეგმილია 5,5%-ის ოდენობით, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5,3%-ს შეადგენს;
- ნომინალური მშპ-ის პროგნოზი განსაზღვრულია 97,4 მლრდ ლარის ოდენობით, ხოლო ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებული მთლიანი შიდა პროდუქტი 9 600 დოლარს აჭარბებს. 2028 წლისთვის პროგნოზირებულია ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 123,0 მლრდ ლარამდე, რაც ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით 12 000 დოლარს გადააჭარბებს;
- ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები განისაზღვრება 24,4 მლრდ ლარის ოდენობით, რაც მშპ-ის 25,1%-ია;
- ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი შეადგენს მშპ-ის 2,5%-ს, ხოლო მთავრობის ვალის მაჩვენებელი მშპ-ის 36,8%-ის ფარგლებშია.
სოციალური მიმართულებით:
ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამების დასაფინანსებლად სამინისტროს დაფინანსება გაზრდილია 870,0 მლნ ლარზე მეტით, რომლის ფარგლებში:
- 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია იზრდება 35 ლარით და განისაზღვრება 450 ლარის ოდენობით. ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 540 ლარს გაუტოლდება;
- 70 წლამდე პირთა პენსია იზრდება 20 ლარით და განისაზღვრება 335 ლარის ოდენობით, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში 400 ლარს გადააჭარბებს;