logo
ENG



რუტემ NATO-ს გენერალური მდივნის თანამდებობა ოფიციალურად დაიკავა

01 ოქტ 202412:48
3 წუთის საკითხავი
 
2024/10/01/3vr1a68ueqbg89j.jpg

ნიდერლანდების ყოფილმა პრემიერმინისტრმა მარკ რუტემ NATO-ს გენერალური მდივნის თანამდებობა ოფიციალურად დაიკავა. მან აღნიშნულ თანამდებობაზე იენს სტოლტენბერგი ჩაანაცვლა, რომელიც თავდაცვით სამხედრო ალიანსს 10 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.

NATO-ს შტაბ-ბინაში სიმბოლური ხელის ჩამორთმევისა და გვირგვინის დადების შემდეგ, სტოლტენბერგი და რუტე ბლოკის ელჩებთან შეხვედრაზე წავიდნენ.

სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსი "სანდო ხელში" გადადის. თავის მხრივ რუტემ NATO-ს მოკავშირეებს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

სტოლტენბერგმა NATO-ს გენერალური მდივნის თანამდებობა 2014 წელს დაიკავა, როდესაც რუსეთი ყირიმში შეიჭრა.

მარკ რუტეც გენერალური მდივანი NATO-სთვის რთულ პერიოდში ხდება. რუსეთი უკრაინაში თავის აგრესიულ კამპანიას აგრძელებს. ამასთან, გარკვეული შეშფოთებები არსებობს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით.

რუტეს თქმით, უკრაინა "ჩვენს სიაში პირველ ადგილზეა", როგორც ლიბანში სიტუაციის მონიტორინგი.

რაც შეეხება ამერიკის არჩევნებს, ბევრი ფიქრობს, რომ ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გამარჯვებამ შეიძლება შეარყიოს ალიანსი, როგორც ეს მისი პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს მოხდა. მაშინ ტრამპი ზეწოლას ახდენდა ალიანსის წევრებზე, გაეზარდათ თავდაცვის ხარჯები.

თუმცაღა რუტემ აღნიშნა, რომ ის "არ ღელავს".

"ძალიან კარგად ვიცნობ ორივე კანდიდატს. პრემიერმინისტრობის დროს ოთხი წელი ვმუშაობდი დონალდ ტრამპთან ერთად", - თქვა რუტემ.


close დახურვა