logo
ENG



კალაძე საარჩევნო კლიპზე: უფასოდ კი არ გაუკეთებიათ, კაი ხელფასები ჩაიჯიბეს, ალბათ

11 ოქტ 202413:29
3 წუთის საკითხავი
 
2024/10/11/lb44zvexcvfsmnp.jpg

თბილისის მერი კახა კალაძე ქართული ოცნების წინასაარჩევნო კლიპის შესახებ დასმულ კითხვას ირონიით პასუხობს და ამბობს, რომ გადამღებმა ჯგუფმა "კაი ხელფასები ჩაიჯიბა".

ის "სპეკულაციას" უწოდებს JWT METRO-ს თანამშრომლების მიერ სამსახურის პროტესტის ნიშნით დატოვებას და ამტკიცებს, რომ უამრავი "ნიჭიერი, გონიერი ახალგაზრდაა ქვეყანაში, ვინც მივა ამ კომპანიაში და გააგრძელებს მუშაობას".

"ამაში თანხები მიიღეს, უფასოდ კი არავის გაუკეთებია ეს, კაი ხელფასები ჩაიჯიბეს, ალბათ. ეს იყო დაკვეთა, რა ვიცი, ძალიან კარგი კლიპი გამოვიდა. ეს არის ჩვეულებრივი სპეკულაციები, საერთოდ, გონზე არ არიან არავინ, არც ერთი, [პოლიტიკურ] თემაზე რომ დაუსვა კითხვა, დარწმუნებული ვარ, ვერანაირ პასუხს ვერ გაგცემენ. ეს არის მოცემულობა. [...]

უამრავი ნიჭიერი, გონიერი ახალგაზრდაა ქვეყანაში, ვინც მივა ამ კომპანიაში, გააკეთებს და გააგრძელებს მუშაობას. საერთოდ ვერ ვხედავ ამაში პრობლემას, ვიღაცას უნდა დარჩენა, ვიღაცას არ უნდა, მისი ნებაა, სადაც უნდა წავიდეს - მარჯვნივაც მიდის გზა, მარცხნივაც მიდის, სადაც უნდა აირჩიოს", - ამბობს თბილისის მერი. 

ქართული ოცნების წინასაარჩევნო პროპაგანდისტული კლიპი JWT METRO-ს დირექტორის, ნიკა ბოჭორიშვილის გადაღებულია. ამის შესახებ ბოჭორიშვილი თავად წერს. 

მას შემდეგ, რაც ბოჭორიშვილმა დაპოსტა, რომ ქართული ოცნების პროპაგანდისტული კლიპი მან ფრილანსერებთან ერთად გადაიღო, კომპანიას თანამშრომლები პროტესტის ნიშნად ტოვებენ. 

თანამშრომლების პროტესტისა და სამსახურიდან წასვლის შესახებ პოსტების პარალელურად, JWT METRO-ს ოფიციალურ ფეიჯზე გამოჩნდა სტატუსი: "JWT METRO left job at JWT METRO", რომელიც გამოქვეყნებიდან რამდენიმე წუთში წაიშლა. 

აღსანიშნავია, რომ ქართული ოცნების გვერდზე საარჩევნო ვიდეოს აღწერაში კლიპის ავტორი მითითებული არ არის. 

გარდა ამისა, 2024 წლის მაისში შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენლებმა რუსული კანონის წინააღმდეგ განცხადება გაავრცელეს და ბიზნესმენებს, რომლებიც კანონს მხარი დაუჭირეს, ბოიკოტი გამოუცხადეს. ამ განცხადებას უერთდებოდა JWT METRO-ც.


close დახურვა