logo
ENG



ზელენსკიმ უმაღლეს რადას "გამარჯვების გეგმა" წარუდგინა და მათგან მხარდაჭერა მიიღო

16 ოქტ 202416:46
3 წუთის საკითხავი
 
2024/10/16/hjz8d88mumkcrz8.jpg

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლეს რადას (უკრაინის პარლამენტი) ომში "გამარჯვების გეგმა" წარუდგინა, რომელიც 5 პუნქტისა და 3 საიდუმლო დანართისგან შედგება. ზელენსკის თქმით, უკრაინამ და მისმა პარტნიორებმა გარემოებების შესაცვლელად ერთად უნდა იმუშაონ, რათა ომი დასრულდეს

ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის ომის შედეგი განსაზღვრავს იმას, თუ რა მოხდება მსოფლიოში უახლოეს ათწლეულებში. ასევე, უკრაინის პრეზიდენტმა ირანი რუსეთისთვის იარაღის მიწოდების საკითხში დაადანაშაულა, ჩინეთი კი პუტინის შეწყალებაში. ასევე, მან აღნიშნა, რომ "გამარჯვების გეგმა" ომის დიპლომატიური დასრულების ''ხიდია'', რადგან მისი აზრით, ეს რუსეთს აიძულებს აგრესიაზე უარი თქვას და მოლაპარაკებები დაიწყოს.

ზელენსკის გეგმის 5 პუნქტი ასეთია:

1. NATO-ში გაწევრიანება და ზელენსკის თქმით ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია.

2. უკრაინის თავდაცვის მუდმივი გაძლიერება და ომის გადამისამართება რუსეთის ტერიტორიაზე, რომელსაც საიდუმლო დანართი აქვს. 

ზელენსკი დასავლეთის ქვეყნებს რუსეთის ტერიტორიაზე შორი მოქმედების იარაღზე შეზღუდვების გაუქმებისკენ მოუწოდებს და მათ მიმართავს, უკრაინასთან ერთად მონაწილეობა მიიღონ უკრაინის ტერიტორიის საჰაერო თავდაცვაში, კერძოდ, ჩამოაგდონ რუსული რაკეტები და თვითმფრინავები. 

3. რუსული აგრესიის შეკავება. მასაც ასევე აქვს საიდუმლო დანართი, რომელიც  აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და იტალიის ლიდერებისთვისაა ხელმისაწვდომი.

ეს მოიცავს უკრაინაში ძლიერი სტრატეგიული არაბირთვული იარაღის განლაგებას და ზელენსკის თქმით, ამან შესაძლოა რუსეთს მოლაპარაკებების დაწყება აიძულოს.

4. უკრაინის სტრატეგიული და ეკონომიკური პოტენციალი.

პრეზიდენტის განცხადებით, ეს პუნქტი პარტნიორებთან შეთანხმებას ითვალისწინებს, კერძოდ უკრაინის ღირებული რესურსების ნაწილში, როგორიცაა, ურანის, ტიტანისა და ლითიუმის ერთობლივი დაცვა.

5. ომისშემდგომი პერიოდი.

ზელენსკი უკრაინის ომის გამოცდილების შედეგად მთელი ალიანსისთვის, მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომი დასრულდება, ევროპაში აშშ-ის სამხედრო ძალების უკრაინული ჯარით ჩანაცვლების იდეას გამოთქვამს.

პრეზიდენტის გამოსვლას პარლამენტში ესწრებოდნენ მთავრობის წევრები, რომლებიც ერთხმად მხარს უჭერენ ზელენსკის მიერ წარდგენილ ომში "გამარჯვების გეგმას".

"უკრაინის პარლამენტმა მიიღო უკრაინის გამარჯვების გეგმა. უკრაინის პარლამენტი ერთხმად მხარს უჭერს ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ შემოთავაზებულ გამარჯვების გეგმას. უკრაინის პარლამენტი სრულად არის ჩართული გამარჯვების გეგმის განხორციელებაში", - განაცხადა უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკმა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ დასავლელი პარტნიორები გეგმის კონკრეტულ ნაწილებს ეცნობიან და შეისწავლიან.


close დახურვა