logo
ENG



იუკნევიჩიანე: ივანიშვილი უმნიშვნელოვანესი მიზეზია, რატომაც საქართველო მძიმე მდგომარეობაშია

17 ოქტ 202412:12
3 წუთის საკითხავი
 
2024/10/17/0w305sbkuwi5tbf.png

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე არსებული მძიმე მდგომარეობის მიზეზად ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს ასახელებს და ამბობს, რომ ქართული ოცნების გადაწყვეტილებები ევროკავშირის ღირებულებებსა და მოთხოვნებთან შეუთავსებელია. იუკნევიჩიანემ ამაზე ამერიკის ხმასთან ისაუბრა.

"ბიძინა ივანიშვილი არის ერთ-ერთი, ან ვიტყოდი, რომ უმნიშვნელოვანესი მიზეზი, რატომაც საქართველო ასეთ მძიმე მდგომარეობაშია. ვგულისხმობ საქართველოს სამომავლო გზას. ვხედავთ, რომ რასაც ის ამბობს, რა გადაწყვეტილებებსაც მისი მთავრობა იღებს, შეუთავსებელია ევროკავშირის მოთხოვნებთან და ღირებულებთან"- ამბობს იუკნევიჩიანე.

ევროპარლამენტარი ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ოცნების ქმედებების გამოა შეჩერებული. მისივე თქმით, ივანიშვილისა და საქართველოს მთავრობის სხვა ოფიციალური პირების განცხადებები ევროპარლამენტსა და აგვისტოს ომზე კრემლის ნარატივია.

"[ევროკავშირის] წევრობის შემდგომი ნაბიჯები, ოფიციალურ, თუ არაოფიციალურ დონეზე შეჩერებულია იმის გამო, რასაც ქართული ოცნება აკეთებს. ყველა მათი ქმედება აჩვენებს, რომ [ევროკავშირის წევრობისთვის] საჭირო ნაბიჯებს არ მიჰყვებიან . ევროპისა და კრემლის მომხრე ერთდროულად ვერ იქნები. ის, რასაც ბიძინა ივანიშვილი 2008 წლის ომზე ამბობს, რასაც ის და სხვა ოფიციალური პირები ამბობენ ევროპარლამენტის შესახებ, კრემლის ნარატივია - ევროკავშირის ინსტიტუტებზე თავდასხმა და არადემოკრატიული ქცევა" - აცხადებს იუკნევიჩიანე.


close დახურვა