logo
ENG



პაპუაშვილი: მიიღეს საქართველოზე მორგებული სპეციალური რეგულაციები, გონივრულობას გადაუხვიეს

12 ივნ 202619:45
3 წუთის საკითხავი
 
2026/06/12/pxxkgvc8iv0sv1s.png

"ქართულ ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირ-საქართველოს სავიზო დიალოგთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე თქვა, რომ  განიხილეს მხოლოდ ტექნიკური საკითხები,  გააკრიტიკა ევროკავშირის მიერ მიღებული რეგულაციები, რომლებიც, მისი თქმით, მხოლოდ საქართველოს მიმართ მოქმედებს. პაპუაშვილის შეფასებით, ბრიუსელის ბიუროკრატია არაკვალიფიციურად მოქმედებს.

"რაც მოვისმინეთ, ეს იყო ის, რომ ტექნიკური ჯგუფების დონეზე იყო განხილვა ტექნიკური საკითხების. პოლიტიკური თემა შემოაქვთ ხოლმე უვიზო მიმოსვლის საკითხზე, რაც თავისთავად ბრიუსელის არაკეთილსინდისიერებას აჩვენებს. ბრიუსელმა საერთაშორისო სამართალი დაარღვია, როდესაც დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის სავიზო მოთხოვნები დააწესა. ამით დაირღვა 2010 წლის საერთაშორისო ხელშეკრულება ევროკავშირსა და საქართველოს შორის. ამ მხრივ ევროკავშირია საერთაშორისო სამართლის დამრღვევი მაშინ, როცა სხვებს ედავება საერთაშორისო სამართლის დაცვის საკითხებზე. შემდეგ, ამ დარღვევის რაღაცნაირად გადასაფარად,  სპეციალურად საქართველოსთვის მოიგონეს რეგულაციები, რომლებსაც ავრცელებენ მხოლოდ ჩვენს ქვეყანაზე, სადაც საკუთარი გემოვნებით შეუძლიათ, ნებისმიერი რამ მოგვთხოვონ, ე.წ. დემოკრატიული განვითარების სოუსით შეუძლიათ, გამოიგონონ ყველაფერი, გვითხრან, რა კანონი მივიღოთ ან არ მივიღოთ, მარცხენა ფეხზე უნდა დავუდგეთ თუ მარცხენაზე. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ სავალალო მდგომარეობას, სადამდეც ბრიუსელმა ევროკავშირი მიიყვანა. ბრიუსელმა ევროკავშირი საერთაშორისო სამართლის დამრღვევად აქცია.

პირველ ყოვლისა, ამ ყველაფერში ვხედავთ, რომ ბრიუსელის ბიუროკრატია იმდენად არაკვალიფიციურად მოქმედებს, რომ ეს არაკვალიფიციურობა იმედს გვაძლევს, რომ, საბოლოო ჯამში, თავადვე არ გადადგამენ ისეთ ნაბიჯს, რომელიც მათვე დააზიანებს.

აქამდე რაც გააკეთეს, მათ მხოლოდ საკუთარი თავი დაიზიანეს, დააზიანეს ევროკავშირი და ევროკავშირის მიმართ ნდობა. ასე რომ, თუ ახლა უნდათ, რომ კვლავ ფეხში დაიხალონ ტყვია, შეუძლიათ, ეს გააკეთონ, მაგრამ კიდევ ერთხელ - საქართველოს მიმართ ევროკავშირის დამოკიდებულება არის მინიმოდელი იმ არაკვალიფიციურობისა, რითაც გამოირჩევა ბრიუსელის დღევანდელი საგარეო პოლიტიკა", - თქვა პაპუაშვილმა. 

გუშინ, 11 ივნისს ბრიუსელში ევროკავშირსა და საქართველოს შორის სავიზო საკითხთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა.

შეხვედრის შემდეგ საქართველოს დელეგაციის წარმომადგენელმა გიორგი ტაბატაძემ ევროსკოპთან მცირე კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ "პოზიტიურად არის განწყობილი". 

რაც შეეხება EU-ის პოზიციას, ბრიუსელში წყარომ "უნაყოფოდ" შეაფასა ვიზების საკითხზე დიალოგი.

კერძოდ, რადიო თავისუფლების ევროპის საკითხების რედაქტორს რიკარდ იოზვიაკს ევროკავშირში მაღალი რანგის თანამდებობის პირმა ანონიმურობის დაცვის პირობით უთხრა, რომ ეს დიალოგი "საკმაოდ უნაყოფო" იყო.

რადიო თავისუფლების თანახმად, თანამდებობის პირმა განაცხადა, რომ საქართველოს წარმომადგენლებმა დაიცვეს ის კანონები, რის გაუქმებისკენაც დიდი ხანია ბრიუსელი ქვეყანას მოუწოდებს და რაც ხელახალი ჩართულობის უცვლელი წინაპირობაა.


close დახურვა