ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრებმა საქართველოს შესახებ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც აღნიშნულია, რომ დღევანდელი ხელისუფლების კურსით, ქვეყანა გაერთიანების წევრი ვერ გახდება.
"საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დეფაქტო შეჩერება გამოიწვია. შესაბამისად, ერთი რამ ცხადია: საქართველო ვერ შეძლებს გახდეს ევროკავშირის წევრი, თუ ხელისუფლება არ შეიცვლის კურსს. ამ მკაფიო გადაწყვეტილების ოდნავადაც კი შერბილებულად ან სხვაგვარად ინტერპრეტაცია ან ბოდვაა ან უბრალოდ სიცრუე", - ვკითხულობთ განცხადებაში.
ამასთან, განცხადებაში მკაფიოდაა აღნიშნული, რომ საქართველოს მომავალი საზოგადოების ხელშია და იმედოვნებენ, რომ ეს იქნება არჩევანი საქართველოს ევროპული მომავლის სასარგებლოდ.
"მოდით, ასევე განვმარტოთ - ჩვენ საქართველოს ხელისუფლებისაგან მოველით, რომ მან თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები უზრუნველყოს. ქართველებს უნდა შეეძლოთ, რომ აირჩიონ, რომელი მომავალი სურთ თავისთვის, თავიანთი შვილებისა და შვილიშვილებისათვის. იმედი გვაქვს, რომ ეს იქნება არჩევანი საქართველოს ევროპული მომავლის სასარგებლოდ. არჩევანი თქვენზეა. საქართველოს მომავალი თქვენს ხელშია!", - წერია განცხადებაში.
განცხადებაში საუბარია დეზინფორმაციაზეც, რომელიც, ევროპის საკითხთა მინისტრების ცნობით, ზოგიერთმა ქართველმა პოლიტიკოსმა გაავრცელა.
"ისინი ევროკავშირის და მისი წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს აყენებდნენ შეურაცხყოფას, უსაფუძვლოდ აბრალებდნენ სახელმწიფო გადატრიალებისა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენელთა მკვლელობის გეგმებს, საქართველოს ომებში ჩათრევის ბნელ მოტივებს, ლიბერალურ ფაშიზმსა და უამრავ სხვა რამეს", - აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადებას ხელი მოაწერეს:
- ჰაჯა ლაბიბი - ბელგიის საგარეო საქმეთა, ევროპის საკითხთა, საგარეო ვაჭრობისა და ფედერაციის კულტურის დაწესებულებათა მინისტრი
- ანა ლიურმანი - გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ევროპისა და კლიმატის საკითხებში
- მარი ბიერი - დანიის ევროპის საკითხთა მინისტრი
- მარგუს ცაჰკნა - ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
- ბაიბა ბრაჟე - ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი
- სიმონას შატუნასი - ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ევროპისა საკითხებში
- ქსავიე ბეტელი - ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა, საგარეო ვაჭრობის, განვითარების სფეროში თანამშრომლობისა და ჰუმანიტარულ საკითხთა მინისტრი
- ადამ შლაპკა - პოლონეთის ევროკავშირის საკითხთა მინისტრი
- ინეშ დომინგოსი - პორტუგალიის სახელმწიფო მდივანი ევროპის საკითხებში
- ბენჟამინ ჰადადი - საფრანგეთის მინისტრ-დელეგატი ევროპის საკითხებში
- იოაკიმ სტრანდი - ფინეთის ევროპის საკითხთა და საკუთრების მართვის მინისტრი
- იესიკა როსენკრანცი - შვედეთის ევროკავშირის საკითხთა მინისტრი
- მარტინ დვორაკი - ჩეხეთის ევროპის საკითხთა მინისტრი