რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა BRICS-ის სამიტის დასკვნით პრესკონფერენციაზე ჩრდილო კორეელ სამხედროებზე ისაუბრა. კითხვა მას NBC News-ის ჟურნალისტმა დაუსვა და აღნიშნა, რომ კორეელი სამხედროების ყოფნა თანამგზავრის სურათები ადასტურებს.
ჟურნალისტმა ასევე იკითხა, რომ არ არის ეს კონფლიქტის სერიოზული ესკალაცია.
"რუსეთის ქმედებებს არ გამოუწვევია ესკალაცია", - თქვა პუტინმა და მორიგ ჯერზე ისაუბრა 2024 წელს უკრაინაში "სახელმწიფო გადატრიალებაზე". გარდა ამისა, მან დასავლეთი უკრაინის შეიარაღებაში დაადანაშაულა.
პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ ხუთშაბათს სახელმწიფო დუმამ ჩრდილოეთ კორეასთან "ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის" შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. აღნიშნულ დოკუმენტს პუტინმა ფხენიანში გაზაფხულზე მოაწერა ხელი.
"იქ არის მუხლი 4", - თქვა პუტინმა და სამხედრო სფეროში თანამშრომლობა იგულისხმა. მისივე თქმით, ფხენიანი შეთანხმებებს სერიოზულად უდგება.
"რას და როგორ გავაკეთებთ, ეს უკვე ჩვენი საქმეა", - განაცხადა მან, რუსეთში ჩრდილოეთ კორეის ჯარების გაგზავნისა და მათი მიზნების შესახებ დეტალების მოწოდების გარეშე.