ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი The Hill-თან ინტერვიუში ატლანტიკური საბჭოს თანამშრომლების ეთო ბუზიაშვილისა და სოფო გელავას სახლებში ჩხრეკას გამოეხმაურა და თქვა, რომ ამ ქმედებამ გამოიწვია შეშფოთება "საქართველოს შესაძლებლობაზე, ჩაატაროს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები".
"ქართველ ხალხსა და სამოქალაქო საზოგადოებას უფლება აქვთ, რომ მათი ხმა გაიგონონ და პატივი სცენ - [ეს] არის ნებისმიერი ჯანსაღი დემოკრატიული სისტემის ცენტრალური პრინციპი. მე ვიმედოვნებ, რომ საქართველოს ხელისუფლება გადახედავს ამ კონკრეტულ ცნობებს და მათ სერიოზულად მოეკიდება", - ამბობს ის.
24 ოქტომბერს, თბილისში რამდენიმე ლოკაციაზე ფინანსური პოლიცია შევიდა. ვაკე პლაზაში მდებარე ამერიკულ კომპანია Concentrix Georgia-ში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები შევიდნენ - 3 სართულზე მიმდინარეობდა ჩხრეკა.
ასევე, ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტმა სთენდაფერ ონისე ცხადაძისა და მისი ძმის სახლიც გაჩხრიკა.
გარდა ამისა, ქუთაისში მოქალაქე ვალერი ტყეშელაშვილის სახლიც გარჩხრიკეს. ოჯახის თქმით, პოლიცია სახლში სასამართლო განჩინების გარეშე შევიდა და ჩხრეკას ისე ატარებდა. ვალერი ტყეშელაშვილის თქმით, გამოძიება მას ე.წ. ქოლცენტრებთან კავშირს ედავება, რასაც თავად უარყოფს.
აღსანიშნავია, რომ გაჩხრიკეს Atlantic Council-ის თანამშრომლების სახლებიც, რომლებიც საქმესთან არ არიან კავშირში. საუბარია სოფო გელავასა და ეთო ბუზიაშვილზე.