logo
ENG



კობახიძისთვის აშშ-ის ჰელსინკის კომისიის განცხადებას "არ აქვს მაინცდამაინც დიდი ფასი"

30 ოქტ 202414:31
3 წუთის საკითხავი
 
2024/10/30/nb7b4gu14ged4rh.jpg

პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძისთვის აშშ-ის ჰელსინკის კომისიის განცხადებას არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით "არ აქვს მაინცდამაინც დიდი ფასი".

ის ირწმუნება, რომ ჰელსინკის კომისია "არის მხარე".

"მოგეხსენებათ, ჰელსინკის კომისია არის მხარე, ის პირდაპირ იყო ჩართული საარჩევნო კამპანიაში ოპოზიციის სასარგებლოდ, რაც არის გაუგონარი და გაუგებარი მოვლენა, რადგან მხარეა, რა თქმა უნდა, ჰელსინკის კომისიის არცერთ განცხადებას არ აქვს მაინცდამაინც დიდი ფასი", - ამბობს კობახიძე.

აშშ-ის ჰელსინკის კომისია აცხადებს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები მიუთითებს, რომ არჩევნების შედეგი ქართველი ხალხის ნებას არ გამოხატავს.

განცხადებაში საუბარია დამკვირვებლების მიერ შეგროვებულ მტკიცებულებებზე და აღნიშნულია, რომ მონაცემები სისტემურ დარღვევებზე მიუთითებს. 

"საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მომდევნო დღეებში საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებამ, პოლიტიკოსებმა, დამკვირვებლებმა წარმოადგინეს ნათელი მტკიცებულება იმისა, რომ არჩევნების შედეგები არ წარმოადგენს ქართველი ხალხის ნებას.

მესამე მხარისა და ადგილობრივი დამკვირვებლების მიერ შეგროვებული დამოუკიდებელი მონაცემები მიუთითებს სისტემურ დარღვევებზე როგორც მანამდე, ასევე არჩევნების დღეს, რომელმაც გავლენა მოახდინა არჩევნების სამართლიანობაზე", - ნათქვამია კომისიის განცხადებაში. 


close დახურვა