logo
ENG



მოლდოვის პრეზიდენტი პროევროპელი მაია სანდუ გახდა

04 ნოე 202410:55
3 წუთის საკითხავი
 

მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში პროევროპელმა მაია სანდუმ გაიმარჯვა. 

ხმების 99.86%-ის დათვლის შედეგად, მაია სანდუს ხმების 55.41% აქვს, პრორუს ალექსანდრე სტოიანოგლოს კი 44.59%.

მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ამ დროისთვის დასათვლელი დარჩა მხოლოდ 3 უბანი - 2 219 უბნიდან 2 216 უკვე დათვლილია.

არჩევნების პირველი ტური ორი კვირის წინ ჩატარდა და მაია სანდუმ ხმების 42.4% მიიღო, თუმცა პირველივე ტურში გამარჯვებისთვის საჭირო 50% ვერ მოიპოვა.

გარდა ამისა, მოლდოვაში ჩატარდა რეფერენდუმიც, რომელშიც პროევროპულმა პოზიციამ გაიმარჯვა - 50.46%-მა მხარი დაუჭირა ევროინტეგრაციის კურსის კონსტიტუციაში გამყარებას, 49.54% კი წინააღმდეგი იყო.

რაც შეეხება საარჩევნო გარემოს, მაია სანდუ რუსეთის მიერ არჩევნებში აქტიურ ჩარევაზე დიდი ხანია საუბრობს. 

მოლდოვის პოლიციამ და პროკურატურამ ამომრჩეველთა მოსყიდვისა და პარტიების უკანონო დაფინანსების საქმის გამოძიების ფარგლებში, რამდენიმე პირი დააკავა. მასშტაბური ჩხრეკისას პოლიციამ ამოიღო რუსულ ორგანიზაცია ევრაზიასთან არსებული კონტაქტები, სოლიდური თანხები და ეჭვმიტანილების სმარტფონები რუსული აპლიკაციით, რომლის მეშვეობითაც სქემის მონაწილეებს ფული ერიცხებოდათ.

მოლდოვის პოლიციის ინფორმაციით, ოქტომბერში, არჩევნებსა და რეფერენდუმში ამომრჩევლების მოსასყიდად რუსეთიდან მოლდოვაში 24 მილიონ აშშ დოლარზე მეტი გადაირიცხა.

მოლდოვის პრემიერის, დორინ რეჩანის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ რიგით მოქალაქეებს, ჟურნალისტებსა და ცნობილ ადამიანებს ანონიმური ზარების გამოყენებით მოკვლით ემუქრებობდნენ.


close დახურვა