საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელის თქმით, საქართველოს სჭირდება ძლიერი ცვლილება იმისთვის, რომ კვლავ ჩაითვალოს ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნად.
ამის შესახებ მან უკრაინულ გამოცემა Европейская правда-სთან ინტერვიუში ისაუბრა.
"უპირველეს ყოვლისა, საქართველოსა და უკრაინას შორის ვერანაირ მსგავსებას ვერ ვხედავ. საერთოდ.
უკრაინის პრეზიდენტი და მთავრობა სრულად ჩართულია ევროკავშირში გაწევრიანებაში, ისევე, როგორც უკრაინული საზოგადოება. უკრაინის წევრობა ევროკავშირში უსაფრთხოების კუთხით უძლიერესი ვალდებულება ან უსაფრთხოების გარანტიაა, რაც შეგვიძლია უკრაინას შევთავაზოთ.
რა თქმა უნდა, ეს არ ეხება საქართველოს.
ჩვენ ვეუბნებოდით საქართველოს მმართველებს, საქართველოს მთავრობას, რომ ისინი შორდებიან ევროპულ გზას, უნდა შეცვალონ კანონი, რომელიც მიიღეს, მოაგვარონ არჩევნებზე გამოვლენილი პრობლემები და დაუბრუნდნენ გზას. მათ სჭირდებათ ძლიერი ცვლილება, იმისთვის, რომ უწინდებურად ჩაითვალონ ევროკავშირის კანდიდატად", - თქვა ჯოზეფ ბორელმა.