logo
ENG



11 წლის ბიჭის ბებია: მე მაქვს იმედი, რომ სცემენ მის სულს პატივს და აუგებენ წესს

29 აგვ 202014:38
3 წუთის საკითხავი
 

11 წლის გარდაცვლილი ბიჭის ბებია საპატრიარქოს თხოვნით მიმართავს, აუგონ წესი მის შვილიშვილს. 

"ვთხოვ საპატრიარქოს, დამეხმაროს ამაში და ჩემს პატარას წესის აუგებელს ნუ გაუშვებს ამ ქვეყნიდან. მორწმუნე იყო ის ბავშვი. შეიძლება ამ ბავშვს სულაც არ მოუკლავს თავი, არ ვიცი, ვერ ვიტყვი. მე მაქვს იმედი, რომ დაუშვებენ გამონაკლისს, სცემენ მის სულს პატივს და აუგებენ წესს", - ამბობს გარდაცვლილის ბებია. 

დღეს საპატრიარქოში "ფორმულას" განუცხადეს, რომ  თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის ბავშვისთვის წესის აგების საკითხზე ტყიბულისა და თერჯოლის ეპარქიამ უნდა იმსჯელოს. 

"გარემოებებს სჭირდება გარკვეული ანალიზი, თუ რა მოხდა იქ. 11 წლის ბავშვი, რთულია წარმოვიდგინოთ, რომ სრულად აცნობიერებდა გარემოებებს, რომელშიც ის მოხვდა. ყველა შემთხვევაში სამსჯელო საკითხია", - აცხადებს საპატრიარქოს პრესსპიკერი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე "ფორმულასთან". 

11 წლის ბავშვი 23 აგვისტოს თავის საცხოვრებელი სახლის ეზოში მდგარ ხეზე თოკით ჩამომხრჩვალი იპოვეს.

გამოძიების ცნობით, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი მამა სისტემატურად ძალადობდა, აყენებდა შეურაცხყოფას და ემუქრებოდა თავის არასრულწლოვან შვილს. მათივე ინფორმაციით, მამის ქმედებების გამო არასრულწლოვანი შვილი მუდმივი შიშის ქვეშ ცხოვრობდა.

11 წლის ბიჭის გარდაცვალების საქმეზე გარდაცვლილის მამას ბრალი თვითმკვლელობამდე მიყვანისა და ოჯახში ძალადობის მუხლებით წარედგინა. მას სასამართლომ 26 აგვისტოს პატიმრობა შეუფარდა. 

 


close დახურვა