„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე თადუმაძის ზოგადი განათლებით დაინტერესდა. კითხვაზე: "ვინ დაწერა „დიდოსტატის მარჯვენა,“ თადუმაძემ გოცირიძეს უპასუხა, რომ მან ეს არ იცის.
გოცირიძემ შეკითხვა "დიდოსტატის მარჯვენაზე" მას შემდეგ დასვა, რაც მან იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, წარსულში ერთ-ერთი სასამართლო პროცესიდან თადუმაძის ციტირება მოახდინა.
„ვციტირებ თქვენს ფრთოსან სიტყვებს - „მეც მეზიზღება ის ჯალათი, რომელმაც პირველი საკათედრო ტაძრის მშენებელს მარჯვენა მოკვეთა. მსგავსი რამ ახლა არ უნდა გამეორდეს.“ აქ რა მარჯვენაზეა საუბარი, ვის მოკვეთეს მარჯვენა მაშინ და ვის მოკვეთეს დღეს,“ - მიმართა გოცირიძემ თადუმაძეს.
კითხვის პასუხად თადუმაძემ განმარტა, თუ რა დროს გამოიყენა ის სიტყვები, რომელსაც გოცირიძე ციტირებს.
„არ ვიცი. ჩემგან გინდათ პასუხები ისეთ კითხვებზე, რომლის კითხვებიც თქვენ არ იცით? ეს ციტატა ისეთი საკითხიდანაა ამოღებული, რომელსაც წინ უსწრებდა მსჯელობა და ჯერ ერთი, მე და თქვენ რომ ვისაუბროთ წარმატებული ადვოკატის საადვოკატო გამოსვლაზე, ძალიან უხერხული იქნება ჩემი მხრიდან. ეს არის საადვოკატო საქმიანობის დროს, სასამართლო დარბაზში ნათქვამი რეპლიკა, რომლის საბოლოო წინადადება არის ამოღებული. ეს რეპლიკა არის დაახლოებით ერთფურცლიანი და იქ მიდის მსჯელობა. თქვენ თუ გინდათ შემამოწმოთ მე სასამართლო დარბაზში როგორ გამოვდიოდი, არ გამოგივათ, იმიტომ რომ კარგად გამოვდიოდი. ვიგულისხმე ის, ვის პროცესზეც ვიყავი და თუ თქვენ დაინტერესებული ხართ ამ საქმით, შეგიძლიათ არქივს მიმართოთ, ამოიღოთ ოქმი, წაიკითხოთ ის რეპლიკა, რომელიც მე ვთქვი და ბოლოში მიხვდებით თუ რატომ მივედი ამ დასკვნამდე. ნაწყვეტებით არ გვინდა საუბარი. მაშინდელ მოსამართლეს ვგულისხმობდი, რომელიც იქცეოდა, როგორც ჯალათი,“ - აღნიშნა თადუმაძემ.
განახლება:
რამდენიმე საათში თადუმაძე ისევ მიუბრუნდა ამ საკითხს და აღნიშნა, რომ მისი პასუხი "დიდოსტატის მარჯვენასთან" დაკავშირებით ხუმრობა იყო.
