სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მეთიუ მილერი ამბობს, რომ აშშ-ის მხრიდან საქართველოსთან ურთიერთობების ყოვლისმომცველი გადახედვა ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
ეს განცხადება მან ბრიფინგზე მას შემდეგ გააკეთა, რაც ჟურნალისტმა ალექს რაუფოღლუმ არჩევნების შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე, მათ შორის გუშინ, 19 ნოემბრის დილას საპროტესტო აქციის ძალადობრივად დაშლასა და აშშ-საქართველოს ურთიერთობების გადახედვის მიმდინარეობაზე ჰკითხა.
მეთიუ მილერის თქმით, ურთიერთობების გადახედვის ნაწილში აშშ-მა უკვე გადადგა პოლიტიკური ნაბიჯები და "სხვა შესაბამისი პოლიტიკური ქმედებებიც განხორციელდება".
"[ურთიერთობების] ყოვლისმომცველი გადახედვა ჯერ კიდევ მიმდინარეობს, მაგრამ, როგორც იცით, ჩვენ უკვე შევაჩერეთ დახმარება ამ გადახედვის შედეგად. ასე რომ, ისე არაა, თითქოს [ურთიერთობების] გადახედვა მიმდინარეობს და არაფერი მომხდარა. ურთიერთობების გადახედვის ნაწილში ჩვენ უკვე გადავდგით პოლიტიკური ნაბიჯები და სხვა შესაბამის პოლიტიკურ ქმედებებსაც განვახორციელებთ", - თქვა მეთიუ მილერმა.