საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მთავარი არხის ეთერში განაცხადა, რომ დარწმუნებულია, ბარიერგადალახული 4 ოპოზიციური პარტია პარლამენტში არ შევა. ამასთან, პრეზიდენტი ამბობს, რომ ვინც პარლამენტში შევა - შევა რუსეთში.
"დღეს ვინც პარლამენტში შევა - შევა რუსეთში. სანამ არც ერთი ოპოზიციური პარტია არ შევა პარლამენტში, ოცნება რჩება მარტო. დღეს არიან სულ სხვა მდგომარეობაში: მარტო არიან პარლამენტში, მარტო არიან მთავრობაში - ერთპარტიულია მთავრობა და პარლამენტი და ყველა ინსტიტუტი, რაც ქვეყანაში არსებობს, არის სრულად დამოკიდებული ამ ერთ პარტიაზე და ამ ერთ ადამიანზე.
დღეს მდინარაძემ განაცხადა, რომ ისეთი პრეზიდენტი უნდა ავირჩიოთ, რომელიც იმედებს არ გაგვიცრუებსო. ანუ პრეზიდენტზე მოთხოვნა არის ის, რომ სრულად იყოს დამოკიდებული, როგორც არის ანტიკორუფციული სააგენტო, პროკურატურა, სუს-ი, ეროვნული ბანკი, აბსოლუტურად მთელი სახელმწიფო გახდა ერთი პარტია და ერთი პარტია ერთი ვერტიკალის ქვეშ, ამას რა ჰქვია? - რუსეთი, ხომ? ამ სურათის ფონზე ყველა უფლებები არის დარღვეული. მე მაბრალებენ კონსტიტუციას არღვევსო. ყოველდღე ირღვევა ყველა უფლებები. უნივერსიტეტის დამოუკიდებლობა, რექტორი გახდა მათ დაქვემდებარებაში, პოლიცია შედის უნივერსიტეტში ანუ ამ ქვეყნის მიმართ იქნება უცხოეთის აღიარება? არ მოხვდება ეს ქვეყანა იზოლაციაში?", - აღნიშნა ზურაბიშვილმა.