logo
ENG



დარახველიძე: შსს-ს თანამშრომლები დღესაც დაიცავენ მართლწესრიგს დაგეგმილ აქციაზე

29 ნოე 202418:59
3 წუთის საკითხავი
 
2024/11/29/24tlo0let60pz7k.jpg

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს მოუწოდებს, არ გასცდნენ შეკრება/მანიფესტაციის კანონით დადგენილ ფარგლებს და თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებისგან.

ამასთან, დარახველიძემ აღნიშნა, რომ შსს-ს დანაყოფების თანამშრომლები დღესაც მობილიზებულები იქნებიან დაგეგმილ აქციაზე და დაიცავენ მართლწესრიგს.

"აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ ნებისმიერი ისეთი საგნის ან ნივთიერების ქონისგან, რომელიც ქმნის შეკრების მშვიდობიანი ხასიათის დაკარგვის რეალურ რისკებს.

აქციის მონაწილეებს, ასევე, ორგანიზატორებს მოვუწოდებთ, არ გასცდნენ შეკრება/მანიფესტაციის კანონით დადგენილ ფარგლებს და თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია მიიღებს ყველა შესაბამის სამართლებრივ ზომას აკრძალული ნივთების ჩამოსართმევად.

ასევე, ძალადობრივი ქმედებების აღსაკვეთად შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოიყენებს საერთაშორისო სამართლითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ იძულების ღონისძიებებს, მათ შორის, პოლიციის შესახე საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ყველა სპეციალურ საშუალებას. გვსურს საზოგადოებას ასევე შევახსენოთ, რომ გუშინ გამართულ საპროტესტო აქციაზე აქციის მონაწილეების მიერ განხორციელებული კანონსაწინააღმდეგო ქმედებების შედეგად შინაგან საქმეთა სამინისტროს 32 თანამშრომელი დაშავდა. ასევე, აქციის მონაწილეებმა დააზიანეს საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარედ არსებული ინფრასტრუქტურა, გზის საფარი და ვიდეო-სამეთვალყურეო კამერები.აქციის მიმდინარეობისას სამართალდამცველთა მიერ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად დაკავებულია 43 პირი.

აქციაზე მომხდარ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353 -ე პრიმა და 187-ე მუხლის მეორე ნაწილებით მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები დღესაც მობილიზებულები იქნებიან დაგეგმილ აქციაზე და დაიცავენ მართლწესრიგს",- განაცხადა დარახველიძემ ბრიფინგზე.

 

 

 


close დახურვა