საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი ამბობს, რომ ბოლო 12 დღის მოვლენების საპასუხოდ, ევროკავშირი ყველა ვარიანტს, მათ შორის, უვიზო მიმოსვლის შეჩერებასაც განიხილავს.
ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან ისაუბრა და თქვა, რომ ორშაბათს, 16 დეკემბერს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები შეიკრიბებიან და გარკვეულ გადაწყვეტილებებს მიიღებენ.
"როგორც უკვე ვთქვი, ბოლო 12 დღის მოვლენების საპასუხოდ, ყველა ვარიანტი მაგიდაზეა, ეს ასევე მოიცავს უვიზო მიმოსვლის შეჩერებას. ჩვენ ვნახავთ, რას გადაწყვეტენ წევრი სახელმწიფოები, არსებობს გარკვეული კატეგორიის პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების შესაძლებლობა. ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ არ გვინდა ზიანი მივაყენოთ მოსახლეობას, არ გვინდა დავსაჯოთ ხალხი, რომელიც გამოხატავს ერთგულებას ევროკავშირის ფასეულობების მიმართ, ვინც თბილისშიც და საქართველოს სხვა ქალაქებშიც აფრიალებს ევროკავშირის დროშებს, მაგრამ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ძალადობასა და სისასტიკეზე, ჩვენ არ შეგვიძლია ჩუმად ყოფნა. წევრი სახელმწიფოები ამას განიხილავენ ორშაბათს, ორშაბათსვე იქნება გარკვეული გადაწყვეტილებები მიღებული", - თქვა პაველ ჰერჩინსკიმ.