დიდი ბრიტანეთი საქართველოსთან ორმხრივ თანამშრომლობას ზღუდავს. ეს განცხადება საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩმა გარეტ უორდიმ გააკეთა და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების მინისტრმა დევიდ ლამმა მიიღო.
ელჩის განმარტებით, ურთიერთობების შეზღუდვა ნიშნავს, რომ გაერთიანებული სამეფო აჩერებს საქართველოს მთავრობის პროგრამულ მხარდაჭერას, ასევე, იზღუდება სამხედრო სფეროში თანამშრომლობა, პოლიტიკური შეხვედრები და ურთიერთობა.
"ბოლო ორი კვირის განმავლობაში ვხედავთ, თუ როგორ გამოხატავს ქართველი ხალხი წინააღმდეგობას მთელი ქვეყნის მასშტაბით ქართული ოცნების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების, მათ შორის ევროატლანტიკური გზიდან გადახვევის შესახებ. შოკირებულები ვართ იმ ძალადობით, რომელიც გამოიყენეს პოლიციამ და არაფორმალურმა ჯგუფებმა მომიტინგეების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ.
როგორც ჩვენმა საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, ეს ძალადობა მიუღებელია და უნდა შეწყდეს. შესაბამისად, მინისტრმა ასევე შეზღუდა დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვაჩერებთ საქართველოს მთავრობის პროგრამულ მხარდაჭერას, როგორც საჯარო ადმინისტრაციის რეფორმისა და შერიგებისა და სამოქალაქო თანამშრომლობის სახელმწიფო აპარატის მშვიდობის ფონდის დაფინანსებას, ასევე, ვზღუდავთ სამხედრო სფეროში თანამშრომლობას, მაგალითად, აღარ ვეხმარებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ცენტრის მშენებლობაში. ასევე, შევზღუდავთ პოლიტიკურ შეხვედრებს და ურთიერთობას. უორდროპის სტრატეგიულ დიალოგს ვერ განვაახლებთ ამ ვითარებაში.
ანგარიშვალდებულება აუცილებელია, 400-ზე მეტი ადამიანია დაკავებული და სახალხო დამცველის მიხედვით, უმეტესობას აღენიშნება ცემის ნიშნები. უნდა ჩატარდეს სწრაფი და დამოუკიდებელი გამოძიება. პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების გამოყენების შესახებ.
მოვუწოდებთ ქართული ოცნების ხელმძღვანელობას, მოუსმინოს იმ დასავლელ პარტნიორებს, რომლებიც 20 წელზე მეტია მხარს უჭერენ საქართველოს სუვერენიტეტის დაცვას რუსული ზეწოლის წინააღმდეგ. დარწმუნებულები ვართ, რომ საქართველოს შეუძლია გახდეს ევროპის ერთ-ერთი წარმატებული, მრავალ-პარტიული დემოკრატია. სხვა არჩევანი არის ავტოკრატია. ჩვენ გვჯერა საქართველოს დემოკრატიის", - თქვა ელჩმა.