ამერიკელი სენატორი, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ბენ კარდინი ოცნების მიერ მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტად არჩევას ეხმაურება და აცხადებს, რომ სახელგანთქმული ანტი-ამერიკული პროვოკატორის შერჩევით მათ საკუთარი ნამდვილი ბუნება კიდევ ერთხელ გამოავლინეს.
ამასთან, კარდინი აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობს და უსაფუძვლოდ დაკავებული პირების გათავისუფლებას მოითხოვს.
"ოცნებამ საკუთარი ნამდვილი ბუნება სახელგანთქმული ანტი-ამერიკული პროვოკატორის, მიხეილ ყაველაშვილის შერჩევით კიდევ ერთხელ გამოავლინა. ის საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლაში ცენტრალური ფიგურაა, მათ შორის მისი როლით რუსული სტილის უცხოელი აგენტების კანონის თანაავტორობაში.
როდესაც ქართველი ხალხი ანტიდემოკრატიული ფიგურის გასაპროტესტებლად შიეკრიბა, უსაფრთხოების ძალები მათ წამებითა და სისასტიკით დაუპირისპირდნენ.
ოცნებამ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ძალადობრივი თავდასხმა უდანაშაულო მოქალაქეებზე და გაათავისუფლოს ყველა დაკავებული მომიტინგე, მათ შორის არასრულწლოვანები, რომლებიც პატიმრობაში არიან", - აღნიშნა კარდინმა.
ამასთან სენატორი კარდინი ასევე წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ძალადობაში მონაწილეებს პასუხი უნდა აგებინოს და მათ სანქციები დაუწესოს.
"პრეზიდენტმა ბაიდენმა პასუხი უნდა აგებინოს მათ, ვინც ამ ძალადობრივი რეპრესიების უკან დგას, მათ შორის დააწესოს გლობალური სანქციები. ახლა არის მომენტი, როდესაც შეერთებული შტატები და ჩვენი მოკავშირეები მტკიცედ უნდა დადგნენ ქართველი ხალხის გვერდით დემოკრატიისა და თავისუფლებისკენ მიმავალ გზაზე", - წერს კარდინი.