logo
ENG



კულტურის სფეროს წარმომადგენლები: გავაგრძელებთ ბრძოლას იქამდე, სანამ არ მივიღებთ შედეგს

06 იან 202514:29
3 წუთის საკითხავი
 

კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს, რომელზეც მიმდინარე საყოველთაო პროტესტში მათ ჩართულობაზე ისაუბრეს. რეჟისორ ზვიად ციკოლიას თქმით, კულტურის სექტორი, ისევე როგორც ყველა სხვა, ძალიან ინტენსიურადაა ჩართული წინააღმდეგობის პროცესში.

მისი თქმით, მოთხოვნები უცვლელია - ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების დანიშვნა და უსამართლოდ დაკავებულების გათავისუფლება.

"კულტურის სექტორი, როგორც ყველა სხვა, არის ძალიან ინტენსიურად ჩართული წინააღმდეგობის პროცესში. ამ რეჟიმს, რომელიც ბოლო კვირების განმავლობაში ტერორში ამყოფებდა ქართულ საზოგადოებას არ ვემორჩილებით. წინააღმდეგობა სულ ახალ-ახალ ფორმებს იძენს, ვითარდება და კულტურის სექტორი აქამდეც და ამიერიდანაც იქნება ინტენსიურად ჩართული ამ ბრძოლაში და არ ვაპირებთ, რომ უკან დავიხიოთ, არ ვაპირებთ, რომ თავი დავუხაროთ ძალადობას, არ შევურიგდებით ძალადობას.

წინააღმდეგობის ფორმები ვითარდება და თეატრი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც გაიფიცა და აგერ გაფიცვა განვითარების გზაზე დგას და ძალიან მალე იგეგმება კიდევ საყოველთაო გაფიცვები. არა თანამშრომლობის ბევრი ფორმა ვნახეთ უკვე, ბევრი შემთხვევა და ასეც გაგრძელდება, რომ სახელმწიფო სტრუქტურებთან აღარ თანამშრომლობს ხალხი, განსაკუთრებით ჩვენი სფეროს წარმომადგენლები. ვხედავთ ბოიკოტის ფორმებს, როდესაც მათთან ვინც თანამშრომლობს, მათთან აღარ გვაქვს ურთიერთობა და გვინდა, გავწყვიტოთ ყოველგვარი კონტაქტი ბიზნესებით დაწყებული, ყველა დანარჩენით დამთავრებული.

ვხედავთ დაუმორჩილებლობის ფორმებს, ამის მკაფიო მაგალითები ჩვენს სფეროშიც ძალიან ბევრია და სხვა ქალაქებშიც ვხედავთ, როდესაც ახალ რეპრესიულ კანონებს არ ემორჩილება საზოგადოება. ასევე, მხილების ფორმები, როდესაც ვამხელთ მათ, ვინც დანაშაულს სჩადიან და ვინც ამ რეჟიმს აძლიერებენ, არ შევურიგდებით ამას და ამაშიც ინტენსიურად არის ჩართული კულტურის სფერო და ჩვენი სფერო ცდილობს, დარჩეს მოწოდების სიმაღლეზე და იყოს ერთ-ერთი ფლაგმანი და ერთ-ერთი პირველი, რომელიც არ შეურიგდება ძალადობას და ჩვენი უმთავრესი ამოცანა არის ისევ იგივე, რომ დავეხმაროთ ქართულ საზოგადოებას კონსოლიდირების საქმეში და საბოლოო ჯამში, ყველა ინსტრუმენტი, რომლითაც წინააღმდეგობას გავუწევთ, იქცეს საყოველთაო ინსტრუმენტად, ეფექტიან ინსტრუმენტად, რომ მივიღოთ შედეგი.

შედეგი უცვლელია - გვინდა ქვეყნის კონსტიტუციურ წესრიგში დაბრუნება, გვინდა, რომ ეს ყველაფერი იქცეს პოლიტიკურ პროცესად, რაც მხოლოდ ერთი რამით არის შესაძლებელი - დაინიშნოს ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და აუცილებლად უნდა გათავისუფლდნენ ჩვენი კოლეგები და მეგობრები უსამართლო პატიმრობიდან, უნდა გამოუშვან ისინი დილეგებიდან, რადგან სამშობლოს სიყვარულისთვის ადამიანის ციხეში ყოფნა და მრავალწლიანი პატიმრობის მუქარა არის წამების და ტერორის ფორმა და ქართველმა საზოგადოებამ უკვე მკაფიოდ თქვა - არა, რომ ამას არ შეურიგდება და გავაგრძელებთ ბრძოლას იქამდე, სანამ არ მივიღებთ შედეგს", - თქვა ზვიად ციკოლიამ. 


close დახურვა