საქართველოს ფსიქოლოგები ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე ერთობლივ პეტიციას აქვეყნებენ და პოლიტიკური ნიშნით დაკავებული უდანაშაულო მოქალაქეების გათავისუფლებას, ასევე თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.
პეტიციას ამ დროისთვის 150-ზე მეტი ფსიქოლოგი აწერს ხელს. სია განახლებადია.
განცხადებაზე ხელმომწერი ფსიქოლოგები მოითხოვენ:
- პოლიტიკური ნიშნით დაკავებული უდანაშაულო მოქალაქეების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და მათზე დაუსაბუთებელი დევნის შეწყვეტას;
- საქართველოს მოქალაქეებზე წამების, ჩაგვრისა და ნებისმიერი ფორმის ძალადობის შეწყვეტას;
- ახალი, ჭეშმარიტად თავისუფალი, საყოველთაო, დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას.
- პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან ადამიანების გათავისუფლების შეწყვეტას;
"ჩვენ, ფსიქოლოგები, პროფესიულ ეთიკაზე და სამოქალაქო პასუხისმგებლობაზე დაყრდნობით, ვაცხადებთ, რომ ქვეყანაში შექმნილი კრიზისი არა მარტო საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფოებრიობას, მის დემოკრატიულ განვითარებასა და ევროინტეგრაციის პროცესს, არამედ აზიანებს ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობას და ფსიქიკურ ჯანმრთელობას, რაც ჩვენთვის, განსაკუთრებით მიუღებელი და შემაშფოთებელია.
რეჟიმის მხრიდან მოქალაქეების წინააღმდეგ არამართლზომიერი ძალის გამოყენება, წამება, დარბევა, დევნა, მუქარა, უკანონო დაკავებები, სისტემატური ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა უდიდეს ზიანს აყენებს არა მხოლოდ ძალადობის უშუალო მსხვერპლთ, არამედ თითოეული ჩვენგანის ფსიქიკურ ჯანმრთელობას. კრიზისის შედეგები განსაკუთრებით აისახება მოზარდეზე, ფსიქიკური ჯანმრთელობის სირთულეების მქონე პირებზე, სოციალურად დაუცველ მოსახლეობასა და სხვა მოწყვლად ჯგუფებზე. ასეთ ვითარებაში, მათი მხარდაჭერისთვის უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ფსიქოლოგებისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტების როლს და ჩართულობას. მიუხედავად ამისა, საჯარო სამსახურიდან, პოლიტიკური ნიშნით, სისტემატურად ათავისუფლებენ იმ პირებს, რომლებიც სწორედ ამ ჯგუფების ინტერესების დაცვაზე მუშაობდნენ.
ჩვენთვის აგრეთვე განსაკუთრებით თვალსაჩინოა ფსიქოლოგიური მანიპულირების მექანიზმები (მიზანმიმართულად ინფორმაციის დამახინჯება, სტატისტიკურ მონაცემთა შეცვლა და სხვ.), რაც მიზნად ისახავს საზოგადოების (გარკველი) ნაწილის შეცდომაში შეყვანასა და მათ განწყობებზე, ემოციებსა და ქცევაზე მანკიერ ზემოქმედებას. ფსიქოლოგიური ტექნიკების მსგავსი არაეთიკური გამოყენება ქმნის შიშის, სიძულვილის, განხეთქილებასა და დისტრესულ გარემოს, ძირს უთხრის ადამიანის ღირსებას, ავტონომიას და დემოკრატიული პროცესების მიმართ ნდობას საზოგადოებაში, რასაც კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით.
დაუშვებელია 21-ე საუკუნეში ქართული საზოგადოება განვითარებულ ქვეყნებთან სახელმწიფოებრივი კავშირის გარეშე დარჩეს და, უცხოელი პარტნიორების მხარდაჭერის დაკარგვით, შეეზღუდოს ხარისხიანი ფსიქოლოგიური სერვისების მიღების შესაძლებლობა. დასავლელ დონორებთან და კოლეგებთან თანამშრომლობით მიღებული ადამიანური თუ მატერიალური რესურსებით საქართველოს მოქალაქეები სარგებლობდნენ, და კარგად ორგანიზებული სისტემები ეფექტურ როლს ასრულებდნენ როგორც ფსიქოლოგიური სფეროს განვითარებაში, ისე ათასობით მოქალაქის კეთილდღეობის უზრუნველყოფაში. კვალიფიციური სერვისების მუდმივი ხელმისაწვდომობა ემსახურებოდა საზოგადოების ფსიქოლოგიური და სოციალური მხარდაჭერის გაძლიერებას, რაც ქვეყნისთვის
სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ფაქტორი იყო. ამასთანავე, საყურადღებოა, კანონმდებლობა არ არღვევდეს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და კონფიდენციალობის ბაზისურ უფლებას (როგორც ამას “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი“ აკეთებს).
ჩვენ პეტიციის სახით მკაფიოდ ვადასტურებთ ერთგულებას ადამიანის უფლებების, ღირსებისა და ეთიკური საქმიანობის მიმართ და მკაცრად ვგმობთ ადამიანის საყოველთაო დეკლარაციით და საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ ფუნდამენტურ უფლებების დარღვევას, არაადამიანური მოპყრობისა და ძალადობის ყველა ფორმას, რომელიც იწვევს ხანგრძლივ, ინდივიდუალურ და კოლექტიურ ფსიქოლოგიურ ტრავმას", - ნათქვამია განცხადებაში.