
ივანიშვილის პრემიერმა უცხოური ძალა უწოდა მათ, ვინც ქართველ ხალხზე 36 წლის წინ იძალადა — და მათაც, ვინც დღეს დგას რუსთაველზე. როდიონოვის ჯარისკაცებთან გააიგივა პოლიტპატიმრების მშობლები და მათ გვერდში მდგომი საზოგადოება "ოცნების" პარლამენტის სპიკერმა.
გვეუბნებიან: "გვწყინს, როცა რუსებს გვეძახითო". მართლები არიან. არა იმაში, რომ სწყინთ — სიმართლე მაშინ ხდება სიმართლე, როცა მკაფიო სახელს არქმევ.
ჩვენ გვეშლება სახელის დარქმევისას, და აი რატომ: ისინი რუსები არ არიან. რუსი — ცუდია, მაგრამ თავის იმპერიის ძირმომპალ კარკასს ებღაუჭება.
ესენი არიან ქართველი რუსმადიდებლები — ზუსტად ასე, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე.
რუსული ინტერნეტის საძიებო სისტემაშიც კი წერია, რომ "1989 წლის 9 აპრილს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა ხელისუფლების ბრძანებით, თავდაცვის სამინისტროსა და შინაგანი ჯარების დანაყოფების მიერ მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაიღუპა 20, დაშავდა 290; კომენდანტის საათის დროს ჯარისკაცებმა მოკლეს ერთი პირი."
რა უცხო ძალა?! რა დიფსთეითი?!
ხალხო, ეს უკვე ჰიბრიდული ომის ფარული საინფორმაციო-ფსიქოლოგიური ოპერაცია აღარაა — ღიად და დემონსტრაციულად ხდება ისტორიის გადაწერა: მეგობრების მტრის ხატად, ხოლო მტრის მეგობრად შემოჩეჩება. საქართველოს მთავრობის სახელით ამათი ლაპარაკი უკვე არის 9 აპრილის გმირების სულების და 9 აპრილსვე გამოცხადებული დამოუკიდებლობის იდეის შეურაცხყოფა.
"ოცნების" პროპაგანდისტული ნიჩბებით იჩეხება ქართველების ცნობიერება, დამოუკიდებელი ქვეყნისა და თავისუფალი საზოგადოების იდეა.
მიტაცებული სახელმწიფოს რესურსებითვე იმყნობა შხამიანი რუსული თესლი — მოსკოვის ნებასა და ინტერესებს დაქვემდებარებულ და უკიდურესად დეგრადირებულ სისტემებში.
რუსეთს რუსთაველზე ტანკის გამოგორება დღეს არც სჭირდება, არც აწყობს და არც შეუძლია. მას ჰყავს ქართველების მთავრობა "ტანკში მოთავსებული", რომელიც თავისივე ქვეყანას ხლეჩს, ასუსტებს, ამცირებს — და როდიონოვის ველური ეგზეკუტორების უცხო ძალად მოხსენიებითა და თავისუფლებისთვის მებრძოლი მშობლების, ან საერთოდ მონობის არმცნობი ხალხის კაგებეს აგენტებთან გათანაბრებით ყველაზე ნათლად და მკაფიოდ აჩვენებს, რამდენად უცხოა თავად 9 აპრილის იდეალებისა და თავისუფლებისთვის შეწირული გმირების ხსოვნის პატივისცემისგან.
ესენი არიან ნამდვილად უცხოები, რომელთა ძალაც მხოლოდ იმათზე დგას, ვისაც ეს ისტორიული ჭეშმარიტება ჯერ არ გაუაზრებია — და უბრალოდ დუმს. ამიტომაც, მათი სიჩუმის დასარღვევად, კიდევ უფრო მხნედ, ამაყად და ომახიანად უნდა ვთქვათ:
დიდება 9 აპრილის გმირებს!
დიდება საქართველოს თავისუფლებას!
ზემოთ ნახსენებ სიჩუმეში ყველაზე მძიმედ ასატანი მაინც ის მომენტია — სამრეკლოდან დასარეკი ზარების მოლოდინში რომ დაისადგურა... მანამ, სანამ დილის 4 საათზე, ხმის გამაძლიერებელში ზარების ჩანაწერის ხმა არ გაისმა.