logo
ENG



გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: გაქცევა ევროპიდან - 2 წელი კანდიდატის სტატუსით

14 დეკ 202520:46
3 წუთის საკითხავი
 
2025/12/14/2t6huaf4gyqeuyv.jpg

დღეს ზუსტად ორი წელი შესრულდა იმ დღიდან, როცა ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. მაშინ ეს იყო კრედიტი - არა ხელისუფლებისთვის, არამედ ქვეყნისთვის; არა ერთჯერადი საჩუქარი, არამედ პოლიტიკური ნდობის ავანსი, რომელსაც უნდა ეშვა რეფორმები, პასუხისმგებლობა და ახალი ხარისხი სახელმწიფოს მმართველობაში.

ორი წლის შემდეგ ამ თარიღს სხვა გემო აქვს. ეს ნამდვილად არ არის პროგრესის იუბილე - ეს არის დაკარგული შესაძლებლობის ანგარიში. იმ დროის განმავლობაში, როცა კანდიდატის სტატუსი უნდა ქცეულიყო ინსტიტუციების გამაგრების, სასამართლოს დამოუკიდებლობის, მედიის თავისუფლებისა და პოლიტიკური კონკურენციის დაცვის სამუშაო გეგმად, ქვეყანამ საპირისპირო მიმართულებით იარა. სახელმწიფოს მანქანა უფრო დაიგეშა მოქალაქის დასაჩაგრად - ვიდრე კორუფციის, უსამართლობისა და კრიმინალური გავლენების წინააღმდეგ საბრძლოლველად. პოლიტიკა გადაიქცა ოპონენტებზე შურისძიების ენად, ხოლო ევროპული ინტეგრაცია - დეკორაციად, რომელსაც საჭიროების მიხედვით ან ამოეფარებენ, ან წიხლს ჰკრავენ.
კანდიდატის სტატუსს ერთი მარტივი აზრი ჰქონდა: ევროპა გეუბნებოდა, და ახლაც, ჯერ კიდევ გვეუბნება - „გხედავ, გენდობი, მაგრამ მჭირდება მტკიცებულება, რომ ჩემთან ყოფნა მართლა გსურს, ჩემიანი ხარ.“.
ორი წლის თავზე კი ეს სტატუსი იქცა უფრო ფორმალურ ნიშნად, ვიდრე რეალურ ტრაექტორიად. 2 წელია ქვეყანა იქცევა ისე, თითქოს მიზანი არა ევროპაში შესვლა, არამედ ევროპიდან რაც შეიძლება შორს გაქცევაა..
დღევანდელი დღე მხოლოდ ხელისუფლების შეფასების თარიღი არ არის. ეს საზოგადოების სარკეცაა. თუ სახელმწიფო ინსტიტუტები დუმან, თუ უსამართლობას ყოველდღიურობად ვაქცევთ, თუ თავისუფლების დაპატარავებას „მშვიდობის შესანარჩუნებელ საბედისწერო აუცილებლობად“ მოგვყიდიან - მაშინ კანდიდატის სტატუსი საბოლოოდ დარჩება როგორც ლამაზი წარწერა ცარიელ კარზე.
დღეს კანდიდატის სტატუსი უფრო წარსულის დოკუმენტს ჰგავს, ვიდრე მომავლის გზის მაჩვენებელს. ევროპა არ არის გეოგრაფია და არც დიპლომატიური ფორმულა - ეს არის წესრიგი, პასუხისმგებლობა და მოქალაქის პატივისცემა. და თუ ამ არჩევანს ყოველდღიური პოლიტიკის დონეზე არ ვაკეთებთ, მაშინ სტატუსი რჩება სიტყვად, ევროპისკენ მიმავალი გზა კი ჩაკეტილად, ხოლო პასუხი კითხვაზე „სად მივდივართ“ - შემაშფოთებლად ცხადი ხდება.


close დახურვა