ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტს 89 წევრმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ - 3 წავიდა.
რეზოლუციაში გამოთქმულია როგორც შეშფოთება, ბოლო დროს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე, ასევე, გაცემულია რეკომენდაციები.
დოკუმენტის თავშივე ნახსენებია მათ მიერ ჯერ კიდევ იანვარში მიღებული რეზოლუცია, სადაც სერიოზული შეშფოთებაა გამოთქმული საქართველოში დემოკრატიული უკუსვლისა და ღრმა სოციალური კრიზისის გამო, რაც "ეჭვქვეშ აყენებს ქვეყნის მზადყოფნას, დაემორჩილოს წევრობის მოვალეობებსა და ევროსაბჭოში გაწევრიანების ვალდებულებებს".
ასამბლეა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, რომ მიუხედავად ასამბლეის გადაწყვეტილებისა, ეცნო საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილება, საქართველოს დელეგაციამ დატოვა თანამდებობა, რაც მათი შეფასებით, დიალოგზე უარის თქმაა.
PACE მიიჩნევს, რომ მის საქმიანობასა და მონიტორინგის პროცედურებში დელეგაციის ჩართულობა, რომლის უფლებამოსილებაც დამტკიცდა, არა არჩევანი, არამედ მოვალეობაა.
საპარლამენტო ასამბლეა კიდევ ერთხელ იხსენებს 2025 წლის 29 იანვარს მიღებულ რეზოლუციას, რომელიც ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების პირობას ითვალისწინებდა, სადაც ასევე გაცემული იყო რეკომენდაციები და მწუხარებას გამოთქვამს, რომ მსგავსი ნაბიჯი არ გადადგმულა.
რეზოლუციის თანახმად, ასამბლეა მწუხარებას გამოთქვამს საარჩევნო კოდექსში მიღებული ცვლილებების გამო, რომლებიც ადგილობრივ არჩევნებს ეხება და ვენეციის კომისიის შეფასებით, ამან შესაძლოა კიდევ უფრო გააძლიეროს მმართველი პარტიის პოზიციები, არ შეუწყოს ხელი პოლიტიკური პლურალიზმის განვითარებას და დააზიანოს თანასწორი ხმის უფლების პრინციპი.
ასევე, PACE შეშფოთებულია საქართველოს პარლამენტის საპროცედურო წესებში შეტანილი ბოლო ცვლილებებით, რომელიც დაბლა წევს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრების დასანიშნად საჭირო უმრავლესობას და აუქმებს იურიდიულ მოთხოვნას, რომ დანიშვნის პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან კონსულტაცია მოხდეს, მაშასადამე, ეს უფრო მეტად უთხრის ძირს საარჩევნო ადმინისტრაციის დამოუკიდებლობას.
გარდა ამისა, ასამბლეა შეშფოთებულია პროტესტის მონაწილეების, ჟურნალისტების და სამოქალაქო ლიდერების დაკავებებითა და სამართლებრივ პროცესების მათ წინააღმდეგ გამოყენებით.
"ამ კონტექსტში, შეშფოთებულია საქართველოს სოლიდარობის ფონდების წინააღმდეგ წამოწყებული კრიმინალური გამოძიებებისა და მათი აქტივების გაყინვის შესახებ, რაც ფარავდა იურიდიული დახმარების, ჯარიმებისა და შემოსავლების დანაკარგის ხარჯებს დაკავებული ან დემონსტრაციებთან დაკავშირებით დათხოვილი პირებისთვის", - ნათქვამია რეზოლუციის ტექსტში.
PACE კვლავ იმეორებს მოწოდებას, რომ ყველა დაკავებული მომიტინგე დაუყოვნებლივ უნდა იყოს გამოშვებული და გასცემს რეკომენდაციას, რომ წამების პრევენციის კომიტეტმა მათი პატიმრობის ადგილები მოინახულოს.
ასამბლეა კვლავ შეშფოთებულია იმის გამო, რომ აქციების დროს პოლიციის სისასტიკე დღემდე არ არის ეფექტურად გამოძიებული. მოუწოდებს ხელისუფლებას, სრულად გამოიძიოს ყველა ცნობები დაკავებების დროს ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის შესახებ გამჭვირვალე და ეფექტური გზით.
PACE გმობს ოპოზიციონერი ლიდერის ელენე ხოშტარიას მიმართ აქციაზე დაკავების შემდეგ შეურაცხმყოფელ მოპყრობას, რომელსაც პოლიციელებმა დროებითი დაკავების ცენტრში გაშიშვლება აიძულეს.
რეზოლუციაში საუბარია მედიის მდგომარეობაზეც და შეშფოთებაა გამოთქმული როგორც მედიის შესაზღუდად მიღებულ ახალ კანონზე, ასევე FARA-ს კანონზე და მოწოდებაა ქართული ოცნების მიმართ, სრულად გაიზიაროს ვენეციის კომისიის მოსაზრება ამ კანონზე. ასევე, მოწოდებაა ქართული ოცნების მიმართ, უკან გაიწვიოს " ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ კანონი".
ასამბლეა გმობს ქართული ოცნების მიერ საგამოძიებო კომისიის შექმნას, რომლის მიზანიც, "წინა ხელისუფლების საქმიანობის გამოძიებაა" და განსაკუთრებულ შეშფოთებას გამოხატავს, რომ ამ კომისიის შედეგი ენმ-ისა და პარტიების აკრძალვის კანონი იქნება.
ასამბლეა მოუწოდებს ქართულ ოცნებას, აღმოფხვრას რეზოლუციაში არსებული შეშფოთებები და რეკომენდაციები, რათა "ქვეყანაში არსებული კრიზისი დაძლეული იყოს და გაგრძელდეს ევროსაბჭოსთან და მის ასამბლეასთან სრული თანამშრომლობა".