საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ცნობით, ბოლო 5 წელში ელიტური კორუფციის 250 შემთხვევა აღირიცხა, სადაც 221 მაღალი თანამდებობის პირი ფიგურირებს, მათ შორის 38 მინისტრი ან მინისტრის მოადგილე, 40 დეპუტატი, 17 მოსამართლე და 67 მუნიციპალური მაღალჩინოსანი.
TI-ს თანახმად, 5 მილიარდი ლარი არის თანხა, რაც მხოლოდ მათი გამოძიებებით - ქართული ოცნების ჩინოვნიკებმა კორუფციული სახელმწიფო შესყიდვების გზებით მიიღეს ბოლო 10 წლის განმავლობაში.
TI წერს, რომ აქედან 3.3 მილიარდი ლარი რეგიონებზე მოდის, ამ თანხის მესამედი კი - 1 მილიარდ 130 მილიონ ლარზე მეტი 2024 წელს დაიხარჯა, მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გახდა.
ორგანიზაცია აცხადებს, რომ "ელიტური კორუფციის გამომწვევი მიზეზები არ შეცვლილა - სახელმწიფო დღესაც მიტაცებულია". ასევე, აღნიშნავს, რომ "კორუფციის დაფარვაში წლებია, ჩართულები არიან საგამოძიებო უწყებები, პროკურორები, მოსამართლეები, სუს-ისა და ანტიკორუფციული ბიუროს თანამშრომლები".
TI საუბრობს იმაზეც, რომ ქართული ოცნება "გუნდის შიგნით პოლიტიკური კონკურენტის მოცილების პროცესს ასაღებს როგორც კორუფციასთან ბრძოლას".
"
ბოლო პერიოდში „ქართული ოცნების“ პროკურატურა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ყოფილი მაღალჩინოსნების კორუფციაზე ალაპარაკდნენ და თითქმის ყოველდღიურად აწვდიან საზოგადოებას ინფორმაციას ყოფილი პრემიერ მინისტრის, სუს-ის ყოფილი უფროსის, თავდაცვის ყოფილი მინისტრის და მათთან დაკავშირებული პირების მიერ მილიონობით დოლარის ღირებულების ქონების გადამალვის, უკანონოდ გამდიდრების, უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის და სხვა მსგავსი ფაქტების შესახებ.
წლების განმავლობაში, როდესაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ და საგამოძიებო მედია ელიტური კორუფციის პრობლემაზე განგაშის ზარს სცემდა, „ქართული ოცნება“ ამას სიცრუეს უწოდებდა და ამბობდა, რომ ქვეყანაში კორუფცია დამარცხებული იყო.
ახლა კი ისინი თავად ადასტურებენ, რომ მრავალი წელი ქვეყანა კლეპტოკრატიული პრინციპით იმართებოდა და მთავრობის უმაღლესი წარმომადგენლები ჩართულები იყვნენ მასშტაბურ კორუფციულ სქემებში – ქართულ ჯარს, მოსწავლეებს და საქართველოს თითოეულ მოქალაქეს მილიონობით საბიუჯეტო სახსრებს ჰპარავდნენ.
ფაქტია, რომ ელიტური კორუფციის გამომწვევი მიზეზები არ შეცვლილა – სახელმწიფო დღესაც მიტაცებულია.
კორუფციის დაფარვაში წლებია, ჩართულები არიან საგამოძიებო უწყებები, პროკურორები, მოსამართლეები, სუს-ისა და ანტიკორუფციული ბიუროს თანამშრომლები. ახლა კი „ქართული ოცნების“ გუნდის შიგნით პოლიტიკური კონკურენტის მოცილების პროცესს ასაღებენ, როგორც კორუფციასთან ბრძოლას.
სინამდვილეში, ელიტური კორუფცია გაცილებით უფრო მასშტაბური იყო და ასეთად რჩება", - აცხადებენ TI-ში.
ანგარიში - სრულად
