logo
ENG



12 რეკომენდაციაზე სამოქალაქო სექტორსა და დიპლომატიურ კორპუსს შორის შეხვედრა მიმდინარეობს

15 ივნ 202312:22
3 წუთის საკითხავი
clock 343

სამოქალაქო სექტორისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები შეხვედრას მართავენ, რომელზეც ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის მოცემული 12 რეკომენდაციის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს აფასებენ.

შეხვედრა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ გახსნა. აღსანიშნავია, რომ ის საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს უნდა გაეხსნა, თუმცა სალომე ზურაბიშვილი კონფერენციაზე არ მივიდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციას განმარტება, ამ დრომდე არ გაუკეთებია.

საქართველოში EU-ის ელჩმა დღეს კიდევ ერთხელ განმარტა, როგორია პროცედურა, იმისათვის რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. მისი თქმით, ოქტომბერში ევროკომისია გაასაჯაროებს გაფართოების პაკეტის შესახებ დოკუმენტს, რომელიც შეაფასებს, რა პროგრესი არსებობს საქართველოს შემთხვევაში 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით. წლის ბოლოს კი, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები შეიკრიბებიან და გადაწყვეტენ, იმსახურებს თუ არა საქართველო სტატუსს.

გარდა ამისა, როგორც ევროკავშირის ელჩმა განმარტა, რომ გაფართოების შესახებ ანგარიში არ იქნება ერთადერთი დოკუმენტი, რომელსაც ლიდერები განიხილავენ და იქ ასევე იქნება მათ მიერ საქართველოში გამოგზავნილი დიპლომატების მიერ მომზადებული დოკუმენტიც და ისინიც შეაფასებენ, როგორია ქვეყანაში ვითარება, მათ შორის რეფორმების კუთხითაც.

"არსებობის განმავლობაში ევროკავშირის ტერიტორიაზე ომი არასდროს ყოფილა. უკრაინის მხარდაჭერა და მშვიდობისთვის მუშაობა ერთობლივი საქმეა. ამ ყველაფერში, ევროკავშირი მხარის არჩევას არავის სთხოვს, რასაც ვთხოვთ ყველას არის გაეროს ქარტიის, საერთაშორისო სამართლის და მსოფლიო წესრიგის გვერდით დგომა. მოვუწოდებთ ყველა პარტნიორს, ვისაც სურს ევროკავშირში გაერთიანება მომავალში, მიყვნენ ევროკავშირის გზას, რომ დასრულდეს ეს საშინელი ომი.

ოქტომბერში ევროკომისია გამოაქვეყნებს ანგარიშს. მისი პროექტი არ მინახავს, მაგრამ იქნება ასობით გვერდი. ლიდერები შეხვდებიან დეკემბერში, თითოეულ მათგანს მაგიდაზე ექნება ეს ანგარიში, მაგრამ თავადაც ექნებათ საკუთარი ანგარიშები, წევრები ქვეყნების საელჩოებიდან. ყველას ექნება ეს საკითხები შიგნით განხილული საკუთარი მთავრობებთან, პარლამენტარებთან. ყველა მოუსმენს საზოგადოების აზრს საკუთარ ქვეყანაში, სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია დარჩენილი თვეების და კვირების განმავლობაში მხოლოდ პოზიტიური, კონსტრუქციული და პროევროპული ახალი ამბები გავიგოთ საქართველოდან და ამას ვუსურვებ ყველა ჩვენგანს", - განაცხადა ელჩმა.

***

2022 წლის 23 ივნისს ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს კი - არა. საბჭომ განაცხადა, რომ მზადაა, ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი მოგვარდება მთელი რიგი პრობლემებისა. 

მდგომარეობის გამოსასწორებლად ევროკავშირმა საქართველოს 12-პუნქტიანი გეგმა მისცა. 

დეოლიგარქიზაცია, ინსტიტუციური გაძლიერება, ანგარიშვალდებულება, მართლმსაჯულების რეფორმა, მედიის დამოუკიდებლობა - ეს იმ ძირითადი რეკომენდაციების ნაწილია, რაც საქართველომ უნდა განახორციელოს. 

ქართული ოცნება ამტკიცებს, რომ ევროკავშირის მიერ დაკისრებული 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით, "ფაქტობრივად, ბოლოში გადის". მმართველ გუნდში ამბობენ, რომ რეკომენდაციები დიდწილად შესრულებულია და სრულად ივნისის ბოლომდე შესრულდება. 


close დახურვა