ქართული ოცნების შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე ირწმუნება, რომ აქციების დაშლისას არ გამოუყენებიათ კამიტი, თუმცა არ პასუხობს კითხვას, კონკრეტულად რა ნივთიერებები იყო წყლის ჭავლში გარეული.
ჟურნალისტებთან საუბრისას ის ამტკიცებდა, რომ ყველა საშუალება, რაც იყო გამოყენებული, იყო შესამაბისი სტანდარტების.
"პოლიციამ გამოიყენა კანონით გათვალისწინებული საშუალებები, ეს იყო ფიზიკური ძალა და სპეციალური საშუალებები. მათ შორის, იყო წყალსატყორცნი და იყო შესაბამისი საშუალებები. რაც შეეხება კონკრეტული ნივთიერების საკითხს, გაკეთდა განმარტება, რომ თითქოს გამოყენებული იყო კამიტი, ეს არ შეესაბამება სიმართლეს და არის მტკნარი სიცრუე. გამოყენებული იქნა ის საშუალებები, რაც არის კანონით გათვალისწინებული, შესაბამისად, აღნიშნულ საკითხზე მიმდინარეობს გამოძიება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, შესაბამისად, ყველა კითხვას, რაც საზოგადოებას აქვს გაეცემა პასუხი"- თქვა დარახველიძემ.
***
BBC ვრცელ სტატიას აქვეყნებს, რომელშიც წერია, რომ მათ მიერ მოპოვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ გასულ წელს საქართველოს ხელისუფლებამ ანტისახელისუფლებო დემონსტრაციების დასაშლელად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენა.
BBC-ის თანახმად, მათმა სამსახურმა ისაუბრა ქიმიური იარაღის ექსპერტებთან, საქართველოს საპოლიციო სპეცრაზმის ინფორმატორებთან და ექიმებთან და აღმოაჩინა, რომ არსებული მტკიცებულებები მიუთითებს ნივთიერების გამოყენებაზე, რომელსაც ფრანგული სამხედრო უწყება "კამიტეს" უწოდებდა - ეს ნივთიერება ბრომობენზილ ციანიდია, რომელიც მოკავშირეებმა პირველ მსოფლიო ომში გამოსაყენებლად შექმნეს.
სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, ქართულმა ოცნებამ განცხადება გაავრცელა და განაცხადა, რომ ის მათ წინააღმდეგ "ცრუ ბრალდებებს" შეიცავს. პარტია აცხადებს, რომ BBC-ის მიერ გავრცელებული "მძიმე და დაუდასტურებელი ბრალდებების" გამო, საერთაშორისო სასამართლოში სამართლებერივ დავას იწყებს.
მოგვიანებით, BBC-ის მიერ გავრცელებულ მასალაზე სუს-მა გამოძიება დაიწყო.
