სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ქართული ოცნების შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვახტანგ გომელაური გამოკითხეს. ინფორმაციას სუს-ში ადასტურებენ.
გომელაური ბიბისის მიერ საქართველოზე მომზადებული სიუჟეტის შესახებ დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოკითხეს.
სუსი ყოფილი მინისტრის გამოკითხვასთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას არ ავრცელებს.
1-ელ დეკემბერს ოცნების შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა იმედს განუცხადა, რომ BBC-ის ფილმში ნახსენებ ნივთიერება წინა მთავრობის დროს, 2009-2010 წლებში შეიძინეს. მისივე მტკიცებით, აღნიშნულ ნივთიერებას შსს 2012 წლამდე იყენებდა.
***
BBC ვრცელ სტატიას აქვეყნებს, რომელშიც წერია, რომ მათ მიერ მოპოვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ გასულ წელს საქართველოს ხელისუფლებამ ანტისახელისუფლებო დემონსტრაციების დასაშლელად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენა.
BBC-ის თანახმად, მათმა სამსახურმა ისაუბრა ქიმიური იარაღის ექსპერტებთან, საქართველოს საპოლიციო სპეცრაზმის ინფორმატორებთან და ექიმებთან და აღმოაჩინა, რომ არსებული მტკიცებულებები მიუთითებს ნივთიერების გამოყენებაზე, რომელსაც ფრანგული სამხედრო უწყება "კამიტეს" უწოდებდა - ეს ნივთიერება ბრომობენზილ ციანიდია, რომელიც მოკავშირეებმა პირველ მსოფლიო ომში გამოსაყენებლად შექმნეს.
სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, ქართულმა ოცნებამ განცხადება გაავრცელა და განაცხადა, რომ ის მათ წინააღმდეგ "ცრუ ბრალდებებს" შეიცავს. პარტია აცხადებს, რომ BBC-ის მიერ გავრცელებული "მძიმე და დაუდასტურებელი ბრალდებების" გამო, საერთაშორისო სასამართლოში სამართლებერივ დავას იწყებს.
მოგვიანებით, BBC-ის მიერ გავრცელებულ მასალაზე სუს-მა გამოძიება დაიწყო.
