"ქართული ოცნების" პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ BBC-ის წინააღგმდეგ სარჩელს თავდაპირველად დიდი ბრიტანეთის მარეგულირებელ კომისიაში შეიტანენ და შემდეგ, "საჭიროების შემთხვევაში გამოიყენებენ შესაბამის ინსტანციებს."
მისი თქმით, "ოცნების" ხელისუფლებისთვის ფინანსური მოთხოვნა პრიორიტეტს არ წარმოადგენს.
"დავის დაწყებას მალე ვგეგმავთ. ზეგ გვაქვს შეკრება, სადაც სარჩელის შინაარსსაც განვიხილავთ და მალე დაიწყება შესაბამისი სამართლებრივი პროცესი. პირველ რიგში შევიტანთ შესაბამის სარჩელს იქაურ მარეგულირებელ კომისიაში, ბრიტანულ კომისიაში და შემდეგ საჭიროების შემთხვევაში გამოვიყენებთ შესაბამის ინსტანციებს. 10 მილიარდს მოვითხოვთ თუ არა, არ ვიცით. ფინანსური მოთხოვნა ნაკლებად აქტუალურია, ჩვენთვის მთავარია, რომ ის სამარცხვინო ტყუილი უარყოს BBC-მ, რომელიც მათ გაავრცელეს სრულიად შეგნებულად, დაკვეთით და დავალებით და ამაში მე ვარ დარწმუნებული. დანარჩენი დადგინდება კონკრეტული განხილვის საფუძველზე", - თქვა კობახიძემ.
"ოცნების" პრემიერი საგამოძიებო სიუჟეტს "სამარცხვინო ტყუილს" უწოდებს და ამტკიცებს, რომ გასული წლების აქციების დარბევის შედეგად არ არსებობს "მოწამლული ადამიანი."
"რამდენად სამარცხვინო იყო ეს ტყუილი შეგვიძლია, ამაზე ვიმსჯელოთ. არ არსებობს მოწამლული ადამიანი, არ არსებობს მსხვერპლი და ამ პირობებში შენ ამტკიცებ, რომ ქიმიური ნივთიერება იყო გამოყენებული დემონსტრანტების წინააღმდეგ. საოცარი ტყუილია, ხომ არ შეიძლება ვიღაცას დააბრალო ატომური ბომბის ჩაგდება, როდესაც აფეთქებული არ არის არაფერი. საოცრებაა, რაც აქვთ ნათქვამი ამ სიუჟეტში. მსხვერპლი არ არსებობს და საუბრობენ ქიმიური ნივთიერების გამოყენებაზე, ამიტომ ჩვენ პრინციპულად გავყვებით ამ პროცესს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, BBC ვამხილოთ ამ სამარცხვინო ტყუილის გავრცელებაში", - თქვა კობახიძემ.
ცნობისთვის, 1-ელ დეკემბერს BBC-მ გამოაქვეყნა საგამოძიებო სიუჟეტი, რომლის მიხედვითაც 2024 წლის საპროტესტო აქციების დასაშლელად "ოცნებამ" პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ნივთიერება გამოიყენა.
