ვენაში გამართულ ეუთოს მინისტერიალზე 39-მა მონაწილე სახელმწიფომ ერთობლივი განცხადება გაავრცელა, რომელშიც ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების მზარდ გამოწვევებზე გაკეთდა აქცენტი. განცხადებაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს მდგომარეობას, სადაც, დოკუმენტის მიხედვით, „სამოქალაქო სივრცე საგრძნობლად ვიწროვდება“.
საერთო განცხადება დანიელმა წარმომადგენელმა წარადგინა და მას ხელს აწერენ ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთის, შეერთებული შტატებისა და სხვა ქვეყნების ელჩები. საუბარში ხაზგასმულია, რომ ჰელსინკის დასკვნითი აქტის მიღებიდან 50 წლის შემდეგ, რეგიონში უსაფრთხოება კვლავ განუყრელად არის დაკავშირებული ადამიანის უფლებების დაცვასთან და დემოკრატიულ მმართველობასთან.
დოკუმენტი მკაფიოდ მიუთითებს, რომ საქართველოში „არასრულყოფილი გამოძიებები ძალის გადამეტების ფაქტებზე, ასევე სამოქალაქო სექტორისა და მედიის თავისუფლებაზე დაწესებული კანონმდებლობითი შეზღუდვები“ ზრდის დაუსჯელობის რისკს და ამცირებს სივრცეს მშვიდობიანი პროტესტისა და განსხვავებული აზრის გამოხატვისთვის.
„ეს ტენდენცია ქმნის სახიფათო გარემოს სამოქალაქო საზოგადოებისათვის,“ - აღნიშნულია ტექსტში.
ქვეყნებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი, რომ ადამიანის უფლებების დარღვევები- იქნება ეს „ხმაურით და აგრესიით თუ ჩუმად და ეტაპობრივად“ - წარმოადგენს საერთო ვალდებულებების უგულებელყოფას და მოითხოვს გადამწყვეტ ზომებს.
განცხადების ავტორები მოუწოდებენ ყველა მონაწილე სახელმწიფოს, მათ შორის საქართველოსაც, სრულად შეასრულონ ეუთოს ფუნდამენტური ვალდებულებები, უზრუნველყონ გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება, დაიცვან მედიის დამოუკიდებლობა და შეწყვიტონ სამოქალაქო საზოგადოების დევნა.
