logo
ENG



ეუთო/ოდირი: შეკრებების ხელშეწყობა უნდა მოხდეს დიალოგის და არა ძალის გამოყენებით

09 დეკ 202522:43
3 წუთის საკითხავი
 
2025/12/09/r7tr4dsk9xava08.jpg

ეუთო/ოდირის სპიკერი, კატია ანდრუსი ფორმულასთან აცხადებს, რომ შეკრების თავისუფლება ყველა ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა, შესაბამისად მისი ხელშეწყობა კომუნიკაციის საშუალებით და არა ძალის გამოყენებით უნდა მოხდეს.

მან BBC-ის საგამოძიებო სიუჟეტთან დაკავშირებით პირდაპირი კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა, თუმცა დაამატა, რომ ხელისუფლებამ აქციის დაშლისას არ უნდა გამოიყენოს ისეთი ნივთიერებები, "რომლებიც მავნეა და დაუშვებელია საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის."

"მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების უფლება განმტკიცებულია ადამიანის უფლებათა მრავალ ინსტრუმენტში. ეუთოს ყველა სახელმწიფოს აღებული აქვს ვალდებულება დაიცვას ეს უფლება. შეკრებების ხელშეწყობა უნდა მოხდეს დიალოგისა და კომუნიკაციის გზით და არა ძალის გამოყენებით.

თუ ხელისუფლება იყენებს ძალას, ის ყოველთვის უნდა იყოს კანონის შესაბამისი, აუცილებელი და კონკრეტული გარემოებების პროპორციული. ODIHR-მა საქართველოში საპროტესტო აქციების მართვის შესახებ უკვე გააკეთა განცხადებები.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ გავაკეთებთ კომენტარს კონკრეტული ანგარიშების ფაქტობრივ სიზუსტეზე ან იმაზე, გამოყენებული იყო თუ არა აღნიშნული ნივთიერება ამ შემთხვევაში, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებისა და ძალის გამოყენების ძირითადი პრინციპების თანახმად, სამართალდამცავებმა თავი უნდა აარიდონ ისეთი აღჭურვილობის გამოყენებას, რომელსაც აქვს განურჩეველი ეფექტი, რაც მოიცავს ქიმიურ აგენტებს.

მხოლოდ ძალზე გამონაკლის შემთხვევებში შეიძლება მათი გამოყენების გამართლება, და მთელი რიგი ქვეყნები საერთოდ თავს იკავებენ მათი გამოყენებისგან. თუ ხელისუფლება მიმართავს ქიმიური აგენტების გამოყენებას, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება გამოყენებულ იქნას ისეთი ნივთიერებები, რომლებიც მავნეა და დაუშვებელია საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის", - განუცხადა ოდირის სპიკერმა ფორმულას.


close დახურვა