გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ უკრაინისთვის გამოყოფილი 90 მილიარდი ევროს უპროცენტო სესხი ვლადიმერ პუტინს მკაფიო სიგნალს უგზვანის ევროპიდან.
მისივე თქმით, რუსული აქტივები გაყინული იქნება იქამდე, ვიდრე რუსეთი უკრაინას კომპენსაციას არ გადაუხდის.
"ფინანსური პაკეტი უკრაინისთვის უკვე მზად არის: უკრაინა მიიღებს 90 მილიარდი ევროს ოდენობის უპროცენტო სესხს, რაც ჩემი შეთავაზება იყო. ეს პუტინს მკაფიო სიგნალს უგზავნის ევროპიდან: ეს ომი არ ღირს. ჩვენ რუსულ აქტივებს გაყინულს შევინარჩუნებთ მანამ, სანამ რუსეთი უკრაინას კომპენსაციას არ გადაუხდის"- წერს მერცი X-ზე.
ევროკავშირი უკრაინას სესხის სახით 90 მილიონ ევროს გადასცემს.
ევროკავშირის ლიდერები ამ შეთანხმებამდე მას შემდეგ მივიდნენ, რაც გაყინული რუსული აქტივების გამოყენებაზე საერთო პოზიციაზე ვერ შეჯერდნენ.
ლიდერების თქმით, ეს შეთანხმება უკრაინის სამხედრო და ეკონომიკურ საჭიროებებს დააკმაყოფილებს.
მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ლიდერებს მოუწოდა, გამოეყენებინათ 200 მილიარდი ევროს ოდენობის გაყინული რუსული აქტივები, მაგრამ ბელგიამ, სადაც ნაღდი ფულის დიდი ნაწილი ინახება, მოითხოვა გარანტიები პასუხისმგებლობის გაზიარებაზე, რაც სხვა ქვეყნებისთვის "ძალიან ბევრი აღმოჩნდა".
