უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა შობის დღესასწაულზე ზავის იდეა უარყო და სადღესასწაულო პერიოდში უკრაინაზე მასშტაბურ თავდასხმებს გეგმავს.
"ჩვენ გვესმის, სად ვიმყოფებით. ეს მათი ბუნებაა – განახორციელონ რაიმე სახის მასშტაბური დარტყმა შობის დროს. დღეს ამ საკითხზე უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის სხდომა გაიმართა. ჩვენ კიდევ ერთხელ ვაყენებთ საჰაერო თავდაცვისა და ჩვენი ჰრომადების [ადმინისტრაციული ერთეული უკრაინაში] დაცვის საკითხს, განსაკუთრებით 23, 24 და 25 დეკემბერს“.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რუსეთს არ გამოუხატავს კომპრომისის მზაობა საშობაო ზავთან დაკავშირებით.
„ამერიკელებს ძალიან სურდათ საშობაო ზავი. ეს ყოველთვის არის იმის სიგნალი, რომ მხარეებს სურთ რაიმეს დიპლომატიური გზის მოძებნა. საქმე იმაში არ მდგომარეობს, რომ ჩვენ ეს არ გვინდა – გვინდა, მაგრამ საშობაო ზავი არ იქნება. რუსებმა თავიანთი ზრახვები მაშინვე ნათელი გახადეს", - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ გასცა ბრძანება თავდაცვითი აქტივების მაქსიმალური კონცენტრაციის შესახებ დიდი ქალაქების, დაბებისა და თემების გარშემო. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამმართველო და სხვა სამსახურები გადაყვანილია რაკეტების გაშვების მონიტორინგის გაძლიერებულ რეჟიმში.
პრეზიდენტმა დასძინა, რომ მიმდინარეობს მუშაობა ათობით ახალი სისტემის კონტრაქტების გაფორმებაზე და უკრაინის საკუთარი საჰაერო თავდაცვის წარმოების გაფართოებაზე, რისი შედეგებიც მოგვიანებით გამოცხადდება.
