უკრაინულმა მხარემ შეერთებულ შტატებს გადასცა თავისი პოზიცია იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებზეც რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების მოლაპარაკებებში კომპრომისი ამ დრომდე შეუძლებლად მიიჩნევა.
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებებში ყველაზე რთული საკითხები არ შეცვლილა.
„ეს არის უკრაინის ტერიტორიები. შემდეგია ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგური. მესამე საკითხი არის აღდგენასთან დაკავშირებული დაფინანსება. ასევე არსებობს რამდენიმე ტექნიკური საკითხი უსაფრთხოების გარანტიებთან, მონიტორინგის ფორმატთან და ა.შ. საკითხი ის კი არ არის, თუ კონკრეტულად რომელ პუნქტებში იკვეთება პოზიციები, არამედ ის, რომ დღეის მდგომარეობით, სწორედ ამ მომენტში, ჩვენ გადავეცით ჩვენი პოზიციები შეერთებულ შტატებს. ისინი დაამყარებენ კომუნიკაციას რუსეთთან და ჩვენ ველოდებით პასუხს", - თქვა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ უკრაინამ გადასცა თავისი პოზიცია ომის შემდგომი აღდგენის სხვა საკითხებზეც, რომლებიც რეკონსტრუქციას ეხება.
„ჩვენ გადავეცით ეს პოზიციები და შეერთებულმა შტატებმა მიგვითითა, რისი მხარდაჭერისთვის არის მზად. ახლა იქნება კომუნიკაცია ჩვენს ჯგუფსა და ამერიკულ მხარეს შორის“, — განაცხადა მან.
