Bloomberg-ის ინფორმაციით, რუსული საექსპორტო ნავთობის, Urals-ის ფასი ბარელზე დაახლოებით 34 დოლარამდე შემცირდა. მონაცემები კომპანია Argus Media-ზე დაყრდნობით ვრცელდება და ფასების მკვეთრ ვარდნას რუსეთის ნავთობის სექტორის წინააღმდეგ დაწესებულ ახალ სანქციებს უკავშირებენ.
19 დეკემბრის მდგომარეობით, Urals-ის მარკის ნავთობი ბალტიის ზღვის პორტებიდან 34.82 დოლარად, ხოლო შავი ზღვის პორტებიდან 33.17 დოლარად იყიდებოდა. შედარებისთვის, Brent-ის ფასი დაახლოებით 61 დოლარს შეადგენს.
აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესეს „ლუკოილს“, „როსნეფტს“ და მათ 34 შვილობილ სტრუქტურას. გარდა ამისა, 18 დეკემბერს ბრიტანეთის ხელისუფლებამ სანქციების ქვეშ მოაქცია 24 ფიზიკური და იურიდიული პირი, მათ შორის ნავთობკომპანიები „ტატნეფტი“, „რუსნეფტი“, „რუსნეფტეგაზი“ და „ნნკ-ოილი“. იმავე დღეს ევროკავშირმა შავ სიაში შეიყვანა რუსეთის ე.წ. „ჩრდილოვანი ფლოტის“ 41 ტანკერი, რის შედეგადაც სანქცირებული გემების საერთო რაოდენობა დაახლოებით 600-მდე გაიზარდა.
