სლოვაკეთში რუსული ნავთობის მიწოდება „დრუჟბას“ მილსადენის საშუალებით, რომელიც უკრაინის ტერიტორიას კვეთს, სამთვიანი შეწყვეტის შემდეგ აღდგა. ამის შესახებ ქვეყნის ეკონომიკის მინისტრმა დენისა საკოვა 23 აპრილს განაცხადა.
მინისტრის თქმით, ნავთობის მიღება 02:00 საათიდან განახლდა. „ეკონომიკის სამინისტრო აცნობებს, რომ დღეს, სლოვაკეთში „დრუჟბას“ მილსადენით ნავთობის მიღება აღდგა,“ - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
„დრუჟბას“ მილსადენი, რომელიც რუსულ იაფ ნავთობს სლოვაკეთსა და უნგრეთს აწვდის, იანვრის ბოლოს რუსული დრონის თავდასხმის შედეგად დაზიანდა და მუშაობა შეწყვიტა.
ბუდაპეშტი და ბრატისლავა კიევს ადანაშაულებდნენ ტრანზიტის განზრახ შეჩერებაში, მაშინ როცა უკრაინული მხარე აცხადებდა, რომ მიწოდების შეწყვეტა მილსადენის შეკეთების აუცილებლობამ გამოიწვია.
