უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელ X-ში იაპონიას და პრემიერ-მინისტრ სანაე ტაკაიჩის მადლობა გადაუხადა უკრაინისთვის დამატებითი ფინანსური დახმარების გამოყოფის გადაწყვეტილებისთვის.
ზელენსკის თქმით, მომავალ წელს იაპონიის მიერ გაწეული დახმარების საერთო მოცულობა თითქმის 6 მილიარდ დოლარს შეადგენს და მნიშვნელოვნად გააძლიერებს უკრაინის თავდაცვას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ.
„ვუხდი მადლობას იაპონიას და პრემიერ-მინისტრ სანაე ტაკაიჩის მომავალი წლისთვის უკრაინისთვის დამატებითი ფინანსური მხარდაჭერის გადაწყვეტილებისთვის. საერთო დახმარება თითქმის 6 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც გააძლიერებს ჩვენს თავდაცვას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ,“ - წერს ზელენსკი.
მისივე განცხადებით, იაპონია მნიშვნელოვან ლიდერობას ავლენს არა მხოლოდ ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში, არამედ გლობალურ დონეზეც. „ეს არის მნიშვნელოვანი წვლილი ჩვენი მდგრადობისა და საერთაშორისო წესებზე დაფუძნებული წესრიგის განმტკიცებაში. საერთაშორისო წესრიგი აუცილებელია, რათა რუსეთის დამახინჯებული საომარი პოლიტიკა არც ერთ ქვეყანაში გაგრძელდეს,“ - აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი.
