ოკუპირებულ ცხინვალში მოქმედი ე.წ. გენერალური პროკურატურა აცხადებს, რომ საქართველოს მოქალაქე ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა.
უწყების ცნობით, გამოძიების ვერსიით, დაკავებულმა პირმა სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ყოფნისას მოიპოვა და გაავრცელა ინფორმაცია „რესპუბლიკაში“ მდებარე სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების შესახებ, რაც, მათივე შეფასებით, საფრთხეს უქმნიდა უსაფრთხოებას.
საქმეზე გამოძიება რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რომელიც ჯაშუშობას ეხება და 10-დან 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ე.წ. პროკურატურის განცხადებაში აღნიშნულია, რომ დაკავებული ამ ეტაპზე იზოლაციაში იმყოფება, ხოლო გამოძიება შესაძლო თანამონაწილეების გამოვლენაზე მუშაობს.
მედიის ინფორმაციით, დაკავებული სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილია. როგორც ცნობილია, მან ერთი დღით ადრე ახლობლებს აცნობა, რომ უცნობი პირები მის საცხოვრებელში აივნიდან შეიჭრნენ, რის შემდეგაც მასთან კავშირი შეწყდა. მანამდე მეარაყიშვილმა განაცხადა, რომ შიმშილობის დაწყებას გეგმავდა, რითაც ხელისუფლების მხრიდან, მისი შეფასებით, ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასა და საკუთარი უფლებების დარღვევას აპროტესტებდა.
აქტივისტი ერთ წელზე მეტია ვერ ახერხებს ახალი პასპორტის მიღებას, რაც გადაადგილებისა და დასაქმების პრობლემებს უქმნის. მისი თქმით, მის მიმართ არსებული ზეწოლა სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ კრიტიკულ განცხადებებს უკავშირდება.
