ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის პროფესორი სტივენ ჯონსი მკაცრად აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ განათლების რეფორმას და აცხადებს, რომ ხელისუფლების რეალური მიზანი უნივერსიტეტებზე კონტროლის გამკაცრება და პოლიტიკური წინააღმდეგობის ჩახშობაა.
PONARS Eurasia-ს ანალიტიკურ მემორანდუმში ჯონსი წერს, რომ ავტორიტარული რეჟიმებისთვის უმაღლესი განათლება ერთ-ერთი ყველაზე საფრთხის შემცველი სივრცეა, რადგან უნივერსიტეტები კრიტიკული აზროვნებისა და პროტესტის კერებად იქცევა. მისი შეფასებით, „ქართული ოცნება“ სწორედ ამიტომ ცდილობს საუნივერსიტეტო სივრცეების კონტროლს და პოლიტიკურად აქტიური სტუდენტებისა და აკადემიური წრეების იზოლაციას.
პროფესორის თქმით, ხელისუფლების მიერ წარდგენილი „უმაღლესი განათლების ეროვნული რეფორმის კონცეფცია“, რომელიც ირაკლი კობახიძემ 2025 წლის ოქტომბერში წარადგინა, ფორმალურად რეფორმის სახეს ატარებს, თუმცა შინაარსობრივად უნივერსიტეტების ავტონომიის გაუქმებას ემსახურება. ჯონსი განსაკუთრებულ საფრთხედ ასახელებს უნივერსიტეტების რეგიონებში გადატანას, აკადემიური პოზიციების ცენტრალიზებულ განაწილებას, სტუდენტთა მიღების სახელმწიფო კონტროლს და საუნივერსიტეტო შენობების გაყიდვის გეგმას.
მისი შეფასებით, ეს ნაბიჯები არ არის მიმართული განათლების ხარისხის გაუმჯობესებისკენ და ვერ გადაჭრის ახალგაზრდების უმუშევრობის, ეკონომიკური სტაგნაციისა და განათლებაში დაბალი ინვესტიციების პრობლემას. ჯონსი აღნიშნავს, რომ საქართველო კვლავ ერთ-ერთ ბოლო ადგილზეა უმაღლეს განათლებაზე სახელმწიფო დანახარჯების მხრივ და მშპ-ის მხოლოდ 0.3%-ს ხარჯავს ამ სფეროზე.
პროფესორი ასევე მიუთითებს, რომ „ქართული ოცნების“ სამიზნე განსაკუთრებით ის უნივერსიტეტებია, რომლებიც აკადემიური თავისუფლებითა და პროევროპული პოზიციებით გამოირჩევიან, მათ შორის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, თავისუფალი უნივერსიტეტი და საქართველოს უნივერსიტეტი, რომლებიც ბოლო წლებში ხელისუფლების პოლიტიკის კრიტიკის ცენტრად იქცა.
სტივენ ჯონსის შეფასებით, ხელისუფლების მიერ არჩეული კურსი გაზრდის დაპირისპირებას სტუდენტებსა და სახელმწიფოს შორის და 2026 წელს ახალი საპროტესტო ტალღის რისკს ქმნის. მისი თქმით, განათლების რეფორმის სახელით განხორციელებული კონტროლი კიდევ უფრო გააღრმავებს ახალგაზრდების გაუცხოებას ხელისუფლებისგან და დაასუსტებს ქვეყნის დემოკრატიულ და ევროპულ პერსპექტივას.
