არსებული ინფორმაციით, ოკუპირებულ ცხინვალში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულმა საქართველოს მოქალაქემ, თამარ მეარაყიშვილმა შიმშილობა დაიწყო.
ამის შესახებ ჟურნალისტმა გოგა აფციაურმა ფორმულას ეთერში ისაუბრა.
მისი თქმით, აღნიშნულის შესახებ ცნობები მეარაყიშვილის ადვოკატმა დროებითი დაკავების იზოლატორიდან გამოიტანა.
მეარაყიშვილის დაკავების შესახებ ინფორმაცია ოკუპირებულ ცხინვალში მოქმედმა ე.წ. გენერალურმა პროკურატურამ დღეს გაავრცელა.
უწყების ცნობით, გამოძიების ვერსიით, დაკავებულმა პირმა სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ყოფნისას მოიპოვა და გაავრცელა ინფორმაცია „რესპუბლიკაში“ მდებარე სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების შესახებ, რაც, მათივე შეფასებით, საფრთხეს უქმნიდა უსაფრთხოებას.
საქმეზე გამოძიება რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რომელიც ჯაშუშობას ეხება და 10-დან 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ე.წ. პროკურატურის განცხადებაში აღნიშნულია, რომ დაკავებული ამ ეტაპზე იზოლაციაში იმყოფება, ხოლო გამოძიება შესაძლო თანამონაწილეების გამოვლენაზე მუშაობს.
