პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ უკრაინაში მშვიდობის მიღწევა უახლოესი კვირების განმავლობაშია შესაძლებელი.
„მშვიდობა ჰორიზონტზეა. ეჭვგარეშეა, რომ მოხდა მოვლენები, რომლებიც იძლევა იმედის საფუძველს, რომ ეს ომი შეიძლება დასრულდეს და საკმაოდ სწრაფად, თუმცა ეს ჯერ კიდევ მხოლოდ იმედია და შორს არის 100%-იანი გარანტიისგან...
როდესაც ვამბობ, რომ მშვიდობა ჰორიზონტზეა, ვგულისხმობ უახლოეს კვირებს და არა თვეებს ან წლებს. იანვრისთვის ჩვენ ყველას მოგვიწევს გაერთიანება... რათა მივიღოთ გადაწყვეტილებები უკრაინის მომავლისა და მსოფლიოს ამ ნაწილის მომავლის შესახებ", - განაცხადა ტუსკმა მთავრობის სხდომაზე.
პოლონეთის პრემიერმა აღნიშნა, რომ აშშ-ის მიერ კიევისთვის შეთავაზებული უსაფრთხოების გარანტიები იძლევა იმედს, რომ ომი მალე დასრულდება, თუმცა უკრაინას მოუწევს კომპრომისებზე წასვლა ტერიტორიულ საკითხებში.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კვირას თავის უკრაინელ კოლეგასთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ ისინი „ბევრად ახლოს, შესაძლოა ძალიან ახლოს არიან“ ომის დასრულების შეთანხმებასთან, თუმცა „რთული საკითხები“ კვლავ რჩება.
