უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პარიზში ჩავიდა. საფრანგეთის დედაქალაქში დღეს "მსურველთა კოალიციის" შეხვედრა გაიმართება, რომელშიც უკრაინის პრეზიდენტთან ერთად, 27-ზე მეტი ლიდერი მიიღებს მონაწილეობას.
შეხვედრაზე აშშ-ის დელეგაციას დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და დონალდ ტრამპის სიძე, ჯარედ კუშნერი წარმოადგენენ.
ამასთან, შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ - დიდი ბრიტანეთის პრემიერი კირ სტარმერი, NATO-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე და NATO-ს სამხედრო მაღალჩინოსანი ალექსუს გრინკევიჩი, რომელიც ევროპაში აშშ-ის ძალებს ხელმძღვანელობს.
Reuters წერს, რომ ლიდერები შეეცდებიან, რომ უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების საკითხებზე შეთანხმებას მიაღწიონ. ასევე, გამოცემის თანახმად, ლიდერები რუსეთის მიერ სამშვიდობო მოლაპარაკებებზე უარის თქმის შემთხვევაში, უკრაინისთვის მხარდაჭერის გაზრდის საკითხზეც იმსჯელებენ.
Bloomberg-ის მიხედვით, დღეს პარიზში გამართული მოლაპარაკებები ფოკუსირებული იქნება იმაზე, თუ როგორ უნდა ინტეგრირდეს ვაშინგტონის მიერ ცოტა ხნის წინ შეთავაზებული შესაძლებლობები უკრაინის მოკავშირეებისგან შემდგარი ე.წ. მსურველთა კოალიციის მიერ შემუშავებულ გეგმებთან.
გამოცემა წერს, რომ ევროპელი ლიდერები და ამერიკელი ოფიციალური პირები მიზნად ისახავენ უსაფრთხოების გარანტიებზე შეთანხმების დასრულებას, რაც მოიცავს ომისშემდგომ უკრაინაში ამერიკული ჯარების ადგილზე განლაგების შესაძლებლობას, რათა უზრუნველყოფილი იყოს ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმების მდგრადობა.
გაურკვეველია, რა როლს შეასრულებენ აშშ-ის ჯარები ან სად განლაგდებიან ისინი რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში.
წყაროების განცხადებით, აშშ ასევე მზადაა, ხელი შეუწყოს ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგს, მათ შორის დაზვერვის უზრუნველყოფით. დარღვევების დასადგენად გამოყენებული იქნება დრონები და თანამგზავრები.
აშშ-ის, ევროპისა და უკრაინის ოფიციალურ პირებს შორის ბოლო შეხვედრების მიზანი უსაფრთხოების შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დასრულება იყო. თუმცა, გაურკვეველი რჩება, დათანხმდება თუ არა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ამ წინადადებებს.
ერთ-ერთი წყაროს ცნობით, უკრაინის მოკავშირეები დაჟინებით მოითხოვენ რუსეთის მონაწილეობას აშშ-სთან უსაფრთხოების შესახებ შეთანხმების მიღწევის შემდეგ.
