აშშ-უკრაინა-„მსურველთა კოალიციის“ ფორმატში, პარიზში, „მსურველთა კოალიციის“ ოპერატიული შტაბის ბაზაზე, სპეციალური საკოორდინაციო ცენტრი შეიქმნება.
არსებული ცნობებით, საკოორდინაციო ცენტრი პასუხისმგებელი იქნება დასავლელი მოკავშირეების მიერ უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიწოდებაზე.
„ჩვენ გადავწყვიტეთ ჩამოვაყალიბოთ აშშ-უკრაინა-კოალიციის საკოორდინაციო ჰაბი კოალიციის ოპერატიულ შტაბში, პარიზში“, — ნათქვამია დოკუმენტის პროექტში.
აღსანიშნავია, რომ პარიზის დეკლარაციას, რომელსაც ხელი უნდა მოაწერონ „მსურველთა კოალიციაში“ მონაწილე სახელმწიფოთა ლიდერებმა, ეწოდება „საიმედო უსაფრთხოების გარანტიები უკრაინაში ძლიერი და ხანგრძლივი მშვიდობისთვის“ და მასში მოკლედ არის ჩამოყალიბებული ის ძირითადი გარანტიები, რომელთა მიწოდებასაც დასავლელი პარტნიორები, მათ შორის ევროპა და ამერიკის შეერთებული შტატები, უკრაინისთვის გეგმავენ.
ცნობისთვის, დღეს უკრაინისა და ევროპული სახელმწიფოების ლიდერები, "მსურველთა კოალიციის" ფარგლებში პარიზში შეხვდნენ.
