შეერთებულმა შტატებმა სანქციების დარღვევის გამო ნავთობტანკერი M/V Bella 1 ჩრდილო ატლანტიკის აკვატორიაში დააკავა. ამის შესახებ აშშ-ის ევროპული სარდლობა (U.S. European Command) სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში იუწყება.
ამავე ცნობით, ტანკერის დაკავება განხორციელდა აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტისა (DOJ) და შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის (DHS) მონაწილეობით, თავდაცვის დეპარტამენტთან კოორდინაციით. გემი აშშ-ის ფედერალური სასამართლოს მიერ გაცემული ორდერის საფუძველზე იქნა დაკავებული, მას შემდეგ, რაც მისი გადაადგილება აშშ-ის სანაპირო დაცვის ხომალდის - USCGC Munro-ს მიერ იყო შემჩნეული.
აშშ-ის ხელისუფლების ინფორმაციით, Bella 1 2024 წლიდან აშშ-ის სანქციების ქვეშ იმყოფებოდა, რადგან იგი „ჩრდილოვანი ფლოტის“ ნაწილი იყო და უკანონოდ ახორციელებდა ნავთობის ტრანსპორტირებას სანქციების გვერდის ავლით.
ცნობისთვის, აშშ-ის სანაპირო დაცვამ ტანკერის დაკავება წინა თვეში ვენესუელასთან ახლოს სცადა, თუმცა მაშინ ოპერაცია ვერ განხორციელდა. მოგვიანებით გემმა სცადა იდენტობის დამალვა - ეკიპაჟმა მასზე რუსული დროშა დახატა და ტანკერი რუსეთის გემების ოფიციალურ რეესტრში ახალი სახელით — Marinera - გამოჩნდა. თუმცა CNN-ის წყაროების ცნობით, ტრამპის ადმინისტრაცია აღნიშნულ რეგისტრაციას არ აღიარებს და გემს ამ დრომდე არცერთი ქვეყნის საკუთრებად არ მიიჩნევს.
აშშ-ის ოფიციალური პირების განცხადებით, ტანკერის დაკავება უკავშირდება აშშ-ის სანქციების აღსრულებასა და უკანონო ნავთობით ვაჭრობის აღკვეთას.
