ირანიდან სამშაბათს გავრცელებული ინფორმაცია მიუთითებს, რომ ხელისუფლების მიერ დაწყებულ მკაცრ რეპრესიებს, რომლებიც უკვე ორ კვირაზე მეტხანს გაგრძელებული მასშტაბური ანტისამთავრობო პროტესტების ჩასახშობად განხორციელდა, შესაძლოა გაცილებით უფრო მეტი მსხვერპლი ჰყავდეს, ვიდრე ქვეყნის ფარგლებს გარეთ მოქმედი აქტივისტები აქამდე აცხადებდნენ, - ამის შესახებ CBS News-ი იტყობინება.
ირანში მყოფმა ერთ-ერთმა წყარომ, რომელმაც ქვეყნის გარეთ დარეკვა შეძლო, CBS News-ს უთხრა, რომ აქტივისტური ჯგუფები, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით სამედიცინო უწყებებიდან მიღებული მონაცემების საფუძველზე დაღუპულთა რაოდენობის დადგენას ცდილობენ, ვარაუდობენ, რომ მსხვერპლი მინიმუმ 12 ათასია და შესაძლოა 20 ათასსაც მიაღწიოს.
უკვე მე-17 დღეა ირანში მასშტაბური ანტისამთავრობო დემონსტრაციები მიმდინარეობს. დემონსტრაციები ქვეყნის მასშტაბით 585 ადგილას - 186 ქალაქსა და 31-ვე პროვინციაში იმართება.
საპროტესტო მოძრაობის დაწყება მზარდ ინფლაციასა და ეროვნული ვალუტის კოლაფსს მოჰყვა.
ქვეყნის მასშტაბით კვლავ გათიშულია ინტერნეტი - გავრცელებული ცნობებით, მიმდინარეობს სტარლინკის სატელიტური ინტერნეტის ჩახშობაც.
