ირანში არსებული გამწვავებული დაძაბულობის ფონზე, აშშ ახლო აღმოსავლეთში არსებული ძირითადი სამხედრო ბაზებიდან პერსონალის გაყვანას იწყებს. ეს ინფორმაცია Reuters-ს ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა მიაწოდა, ანონიმურობის პირობის დაცვით.
Reuters წერს, რომ ეს ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც ირანის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა Reuters-ს უთხრა, რომ თეირანმა მეზობელი ქვეყნები გააფრთხილა, რომლებიც საკუთარ ტერიტორიაზე აშშ-ის სამხედროებს მასპინძლობენ, რომ თუ ვაშინგტონი დარტყმას განახორციელებს, ირანი ამერიკულ სამხედრო ბაზებზე მიიტანს იერიშს.
მანამდე, Reuters-ს სამმა დიპლომატმა განუცხადა, რომ კატარში მდებარე აშშ-ის ალ-უდეიდის საჰაერო ბაზის პერსონალის ნაწილს ქვეყნის დატოვება ოთხშაბათს საღამომდე ურჩიეს.
ალ-უდეიდი აშშ-ის უდიდესი ბაზაა ახლო აღმოსავლეთში, სადაც დაახლოებით 10 ათასი სამხედროა დისლოცირებული.
სამშაბათს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ მომიტინგეების სასტიკი დარბევის ფონზე ირანის ხელისუფლების წარმომადგენლებთან ყველა შეხვედრა გააუქმა და ირანელებს მიმართა: "ბევრი დახმარება გზაშია, სხვადასხვა ფორმით, მათ შორის ეკონომიკურიც".
CBS News-მა დაწერა, რომ ირანიდან სამშაბათს გავრცელებული ინფორმაცია მიუთითებს, რომ ხელისუფლების მიერ დაწყებულ მკაცრ რეპრესიებს, რომლებიც უკვე ორ კვირაზე მეტხანს გაგრძელებული მასშტაბური ანტისამთავრობო პროტესტების ჩასახშობად განხორციელდა, შესაძლოა გაცილებით უფრო მეტი მსხვერპლი ჰყავდეს, ვიდრე ქვეყნის ფარგლებს გარეთ მოქმედი აქტივისტები აქამდე აცხადებდნენ.
ირანში მყოფმა ერთ-ერთმა წყარომ, რომელმაც ქვეყნის გარეთ დარეკვა შეძლო, CBS News-ს უთხრა, რომ აქტივისტური ჯგუფები, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით სამედიცინო უწყებებიდან მიღებული მონაცემების საფუძველზე დაღუპულთა რაოდენობის დადგენას ცდილობენ, ვარაუდობენ, რომ მსხვერპლი მინიმუმ 12 ათასია და შესაძლოა 20 ათასსაც მიაღწიოს.
უკვე მე-18 დღეა ირანში მასშტაბური ანტისამთავრობო დემონსტრაციები მიმდინარეობს. დემონსტრაციები ქვეყნის მასშტაბით 585 ადგილას - 186 ქალაქსა და 31-ვე პროვინციაში იმართება.
საპროტესტო მოძრაობის დაწყება მზარდ ინფლაციასა და ეროვნული ვალუტის კოლაფსს მოჰყვა.
