ქართულმა ოცნებამ BBC-ის ოფიციალური საჩივრით მიმართა. ეს არალეგიტიმური პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე თქვა.
საჩვარი ეხება 1 დეკემბერს BBC-ის მიერ გამოქვეყნებულ ვრცელ სტატიას, სადაც ნათქვამია, რომ მოპოვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ გასულ წელს საქართველოს ხელისუფლებამ ანტისახელისუფლებო დემონსტრაციების დასაშლელად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენა.
პაპუაშვილი ამბობს, რომ ბრიტანეთის კანონმდებლობის თანახმად, დაწესებულია გასაჩივრების თანმიმდევრობა, რომლის მიხედვითაც ჯერ თავად მედიას მიმართეს.
მისივე თქმით, "თუ BBC არ გამოასწორებს დარღვევას, შემდეგი ეტაპი არის ბრიტანეთის კომუნიკაციების ბიუროსადმი მიმართვა. თუ იქაც არ აღმოიფხვრა დარღვევა, ამის შემდეგ გვექნება შესაძლებლობა მივმართოთ დიდი ბრიტანეთის სასამართლოს".
პაპუაშვილის თქმით, საჩივრით ოცნება ითხოვს:
- ფილმისა და მასთან დაკავშირებული მასალების აღება შესაბამისი პლატფორმებიდან
- ბიბისის მხრიდან მკაფიო და საჯარო ბოდიშის მოხდა, თითქოს საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა გამოიყენეს კამიტი. ფაქტობრივი საფუძვლის გარეშე ინფორმაციის გავრცელებისთვის, თითქოს საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა ფიზიკური ძალა გამოიყენეს იმ პირობებში, როცა შეკრებების მონაწილეები მათზე თავდასხმას არ ახორციელებდნენ, ფაქტობრივი საფუძვლის გარეშე გაკეთებული მტკიცებისთვის, თითქოს ქართული ოცნების ინტერესები რუსეთის ინტერესებთან თანხვედრაშია.
"გუშინ ოფიციალური საჩივრით მივმართეთ ბიბისის. აღნიშნული ფილმი და თანმხლები პუბლიკაციები შეიცავს სერიოზულ და დაუდასტურებელ ბრალდებებს, რომლებიც არღვევს თავად ბიბისის სარედაქციო სტანდარტებს, დიდი ბრიტანეთის კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის (ofcom) მაუწყებლობის კოდექსს და პასუხისმგებლობიანი ჟურნალისტიკის ფუნდამენტურ პრინციპებს. პირველ რიგში, საქმე გვაქვს სიზუსტის ვალდებულების უხეშ დარღვევასთან - ბიბისიმ მის პუბლიკაციაში ფაქტად წარმოადგინა მტკიცება, თითქოს საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა აქციების დროს გამოიყენა ქიმიური ნივთიერება კამიტი. ეს მტკიცება არ ეფუძნება არცერთ გადამოწმებულ, დამოუკიდებელ ან სანდო წყაროს. პირიქით - გამოძიებით დადასტურდა, რომ აღნიშნული ნივთიერება შსს-ს არათუ არასდროს გამოუყენებია, ის მას მფლობელობაშიც არასდროს ჰქონია.
ბიბისი თავის პუბლიკაციებში ასევე მცდარად წარმოაჩენს ფაქტებს ისე, თითქოს შეკრების მონაწილეები სამართალდამცავი ორგანოების მიმართ ძალადობრივ ქმედებებს არ ახორციელებდნენ და მიუხედავად ამისა, სამართალდამცავმა ორგანოებმა მაინც დაშალეს შეკრებები.
გარდა ამიმსა, ბიბისი ცრუდ და სანდო მტკიცებულებების გარეშე ამტკიცებს, თითქოს ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მონაწილეობდა 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში გამართული ძალადობრივი შეკრებების დაშლასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.
მიუკერძოებლობის დარღვევა - პროგრამაში, ფილმში და სხვა პუბლიკაციებში განვითარებულია ერთმხრივი ნარატივი და საქართველოს ხელისუფლებას წარმოადგენს, როგორც ძალადობრივი ქმედებების ორგანიზატორებს, პრორუსულს, რუსული ინტერესების მხარეს დგომს და ა.შ. ამავე დროს, იგნორირებულია ხელისუფლების პოზიცია, სამართალდამცავი ორგანოების ოფიციალური განმარტებები და ის კონტექსტი, რომელიც აუცილებელია მოვლენების ობიექტურად გასაანალიზებლად.
მესამე საკითხი ეხება სამართლიანობისა და პასუხის უფლების უგულებელყოფას - ბიბისიმ საქართველოს ხელისუფლებას მძიმე ბრალდებებთან დაკავშირებით მიმართა რამდენიმე დღით ადრე. ეს პრაქტიკა ეწინააღმდეგება თავად ბიბისის სარედაქციო წესებს, რომლებიც მძიმე და რეპუტაციულად დამაზიანებელი ბრალდებების შემთხვევაში ითხოვს რეალურ კომუნიკაციას ადეკვატური ვადის დაცვით"- თქვა პაპუაშვილმა.
