logo
ENG



ავალიანის ოჯახის ადვოკატი დაკავებული დ.ჩ-სთვის ბრალის დამძიმებას ეხმაურება

18 იან 202619:24
3 წუთის საკითხავი
 
2026/01/18/qjbl1a7k5jvvmtu.png

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის ოჯახის ადვოკატი დარეჯან სულაშვილი საქმეში ბრალდებული დ.ჩ-სთვის ბრალის დამძიმებას ეხმაურება.

სულაშვილი ამბობს, რომ ბრალდებულისთვის ბრალის დამძიმებამ საზოგადოებაში ერთგვარი გაუგებრობა გამოიწვია და განმარტავს, რატომ არის სახეზე განზრახ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის (სხეულის მძიმე დაზიანება ჯგუფურად) მომზადებაში მონაწილეობა.

"დანაშაულის დაგეგმვა და დანაშაულის მომზადება ორი ერთმანეთისგან განსხვავებული ტერმინია!!! გიგა ავალიანის საქმეში ერთ-ერთი ფიგურანტის, დ.ჩ-ისთვის ბრალის დამძიმებამ ერთგვარი გაუგებრობა გამოიწვია, ვინაიდან არასრულწლოვნის დედა, ქალბატონი სოფო ძნელაძე მისი შვილის მიმართ ბრალს წარმოგვიდგენს ასეთი ფაბულით - დ.ჩ. გაყვა ძმაკაცებს ვიღაცასთან დასალაპარაკებლად 29 სექტემბერს და იმ დროს დანაშაული არ მომხდარა. ამ ჭრილში მისი კითხვა - რატომ უნდა აგოს დ.ჩ-მ პასუხი ჩაუდენელ დანაშაულზე - ვინმეს შესაძლოა ლოგიკურადაც მოეჩვენოს. ამიტომაც, მინდა საზოგადოებას განვუმარტო:

  • დანაშაულს აქვს სტადიები. მათ შორის მომზადების სტადია (იხ. სისხლის სამართლის კოდექსის მე-18 მუხლი). დანაშაულის მომზადება სისხლის სამართლის ენით ითვლება დაუმთავრებელ დანაშაულად და ნიშნავს დანაშაულის ჩადენისთვის პირობების შექმნას.
  • გიგა ავალიანის მიმართ დანაშაულის ჩადენისთვის პირობების შექმნაა მასზე 29 სექტემბერს, 30 სექტემბერს და 01 ოქტომბერს ჩასაფრება (დანაშაულის დასრულებამდე).
  • 29 სექტემბერს დ.ჩ. ნამდვილად იმყოფებოდა თემქაზე გიგა ავალიანის სასწავლო ცენტრთან და მის მეგობრებთან ა.გ-სთან და გ.რ-სთან ერთად, რომლებიც გიგა ავალიანის ცენტრიდან გამოსვლას ელოდებოდნენ მასზე თავდასხმის მიზნით (ა.გ-სა გ.რ-ს მიმართ უტყუარად დასტურდებდა, რომ ეს ანგარიშსწორების განზრახვა არსებობდა).
  • ამდენად, სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მომზადებაში დ.ჩ-ს მონაწილეობა დასტურდება მისი ჩვენებითაც, გ.რ-სთან მიმოწერითაც და ანძებითაც. რაც შეეხება იმ ნაწილს, იცოდა თუ არა დ.ჩ-მ, რა დანაშაულის ჩადენას აპირებდნენ გ.რ. და ა.გ, როცა მას 29 სექტემბერს თემქაზე გაყოლა სთხოვეს, ეს ცხადი გახდება სასამართლო პროცესზე შესაბამისი პირების, მათ შორის გ.რ-ს და ა.გ-ს გამოკითხვებით და სხვა მტკიცებულებების ერთობლიობით.’ მოცემულ მომენტში კი თუ დ.ჩ-სთვის წაყენებული ბრალის კვალიფიკაციას მივყვებით, იშიფრება ასე: განზრახ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის (სხეულის მძიმე დაზიანება ჯგუფურად) მომზადებაში მონაწილეობა, რაც, ზემოთ როგორც უკვე განგიმარტეთ, აშკარად სახეზეა.

15 იანვარს გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული 4 არასრულწლოვანიდან 2-ს ბრალი დაუმძიმეს.

2 არასრულწლოვანი, რომელთაც ბრალი დაუმძიმდათ, პროკურატურამ თავდაპირველად დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავა.

დამძიმებული ბრალის შესახებ სოციალურ ქსელში საჯაროდ დაწერა ერთ-ერთი დაკავებული არასრულწლოვნის დედამ. ის პოსტში აღნიშნავს, რომ დაკავებულ დ.ჩ-ს პროკურატურა ამჟამად ედავება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, განსაკუთრებული სისასტიკით. 

25 ოქტომბერს კლინიკაში გარდაიცვალა ახალგაზრდა მასწავლებელი, გიგა ავალიანი, რომელსაც თბილისში რამდენიმე დღით ადრე თავს დაესხნენ.

არსებული ცნობით, მას 3 ოქტომბერს ჩაუსაფრდნენ, სცემეს და მძიმე დაზიანებები მიაყენეს.

გიგა ავალიანი კლინიკაში, კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.


close დახურვა